გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს
სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი დავით ჯანდიერი ტელეეთერში ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. ჯანდიერის განცხადებით, ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა კუდის თანამშრომლების მიერ სანდრო გირგვლიანის სიკვდილთან შემხებლობა ეჭვქვეშ დააყენა.
„ვისაც წაუკითხავს როგორც საქართველოს, ისე ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენები გირგვლიანის საქმეზე, ეს გარემოება დადასტურებულია და ის ეჭვქვეშ არასოდეს დამდგარა. განაჩენები არის დამდგარი კუდის თანამშრომლების მიმართ (ბატონები: გ. ალანია, ა.აფციაური, ა.ღაჭავა, მ.ბიბილურიძე). უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 27 ივლისის განჩინებაში (საქმე #177აპ) მითითებულია, რომ ბ-ნი გ.ალანია იყო კუდის პირველი სამმართველოს უფროსი (განჩინება, პარაგრაფი 4), ბატონები: ა.აფციაური და ა.ღაჭავა – ალანიას დაქვემდებარებული სამმართველოს თანამშრომლები), ხოლო ბ-ნი მ.ბიბილურიძე – კუდის მეორე განყოფილების უფროსი). რაც შეეხება სასამართლო ექსპერტიზის დასკვნას: დიახ, საქმეზე ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 28.01.2006-17.02.2006 N116 დასკვნით დადასტურებულია, რომ სანდრო გირგვლიანის სიკვდილის მიზეზია ასპირაციული ასფიქსია, რაც გამოწვეულია მის სხეულზე, კერძოდ ხორხის სანათურში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობით განვითარებული სისხლდენის შედეგად სისხლის სასუნთქ გზებში მოხვედრა. სწორედ იმის გამო, როგორც ეს დაზიანება, ისევე როგორც სხვა დაზიანებები სანდრო გირგვლიანისათვის მიყენებული იქნა ზემოაღნიშნული კუდის თანამშრომლების მიერ (რასაც მოჰყვა ს.გირგვლიანის სიკვდილი), ამ პირთა ქმედება დაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეექვსე ნაწილით – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიკვდილი. ეს კვალიფიკაცია დადასტურებულია ზემოაღნიშნული განჩინებით. სხვა საკითხია, რომ ამ ბატონების ქმედებისთვის უფრო მძიმე კვალიფიკაცია უნდა მიეცათ და სასჯელიც შესაბამისი განესაზღვრათ“,- წერს დავით ჯანდიერი.
ადვოკატი ტელეკომპანია „რუსთავი 2“- საც აკრიტიკებს. მისი თქმით, გირგვლიანის ოჯახის ადვოკატებს, რომელთაც საქმე ევროპულ სასამართლოში დაიცვეს, ეთერში სამართლებრივი ხასიათის შეკითხვებზე პასუხის გაცემის საშუალება არასოდეს მისცემიათ.
„რაც შეეხება „რუსთავი 2“-ს, რა თქმა უნდა, ნებისმიერი საქმე, რომელიც საზოგადოებრივ ინტერესს იმსახურებს, მათ შორის ბ-ნი თათუხაშვილის, მოითხოვს გაშუქებას, მით უფრო, თუ შედეგი ფატალურია. ამავდროულად, ამავე მოსაზრების გათვალისწინებით, ბუნებრივად მიჩნდება შეკითხვა, რატომ არ მოგიწვევიათ არასოდეს არც ბატონი შალვა შავგულიძე და არც დათო ჯანდიერი – გირგვლიანის ოჯახის ადვოკატები, რომლებმაც გირგვლიანის საქმე დაიცვეს ევროპულ სასამართლოში, რათა ამ საქმის ირგვლივ სამართლებრივი ხასიათის შეკითხვებს გასცემოდა პასუხი. კერძოდ იმის შესახებ, თუ რატომ დაადგინა ევროპულმა სასამართლომ, რომ სახელმწიფომ დაარღვია სანდრო გირგვლიანის საქმეზე სიცოცხლის უფლება (გასაგებია, რომ პოლიტიკურად ამ საქმეზე ბევრი საუბრობს“,- წერს დავით ჯანდიერი.