დავით უსუფაშვილი კორცხელის ინციდენტის ანგარიშზე: იქ ფულის, ან შეყვარებულის გაყოფაზე არ იყო ჩხუბი

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს ეჭვი არ ეპარება, რომ კორცხელში ცემა-ტყეპა პოლიტიკურ ნიადაგზე იყო და არა ფულის, ან შეყვარებულის გაყოფაზე. ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” მიერ კორცხელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად ცხარე დებატები ამ ტიპის ვანდალურ აქტებში რომ არ გადაიზარდოს, პარლამენტმა მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის ინიციატივით კანონში უპრეცედენტოდ მკაცრი ზომები ჩადო, რომლის მიზანია, „საარჩევნო კამპანიის დროს ვიყოთ არა მხოლოდ ფრთხილად, არამედ სუპერ ფრთხილად“.
„რაც შეეხება იმას, რაც მოხდა და რაც ვნახეთ, ეჭვი არ მეპარება, რომ იქ ცემა-ტყეპა იყო პოლიტიკურ ნიადაგზე. იქ ფულის, ან შეყვარებულის გაყოფაზე არ იყო ჩხუბი. რაც ვნახეთ, ის იყო პოლიტიკურ ნიადაგზე. ამას არ ვიცი, რა დიდი დასკვნა სჭირდება, რომ დიახ, პოლიტიკური შეხედულებების, სიმპათია-ანტიპათიის გამო ჩხუბობდა ხალხი. ვინ დაიწყო, ვინ უპასუხა, ვინ წინასწარ იყო მომზადებული, ვინ პროვოკაციას წამოეგო, ვინ კიდევ რას წამოეგო – მე არ ვიცი, ამაზე გამოძიებამ უნდა გაგვცეს პასუხი. ის, რაც მოხდა, არ აქვს მნიშვნელობა, ვისი ბრალით მოხდა, ეს რომ მიუღებელი და დაუშვებელია, ამაზე ყველამ ყველაფერი ვთქვით. ასევე იმითიც, რომ პარლამენტმა საგაზაფხულო სესიაზე ერთ-ერთი ბოლო აქტი მიიღო, არჩევნების დროს პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსთან დაკავშირებით, რომელსაც, სამწუხაროდ, უმცირესობა არ შემოუერთდა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები