გიორგი კვირიკაშვილმა კონგრესმენებს მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციას შეხვდა, რომელიც თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიის ფარგლებში იმყოფება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, მომავალი საპარლამენტო არჩევნები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა იყო.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის ვიზიტს საქართველოში, რომელიც 6 ივლისს იგეგმება.

გიორგი კვირიკაშვილმა კონგრესმენებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და ქვეყნის მხარდამჭერი რეზოლუციების მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოსადმი მხარდაჭერის კიდევ ერთ დადასტურებად შეაფასა. მთავრობის მეთაურმა კონგრესმენებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველომ, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA) გააფორმა.

შეხვედრისას ყურადღება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც დაეთმო.

გიორგი კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დემოკრატიული, თავისუფალი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს. შეხვედრას სენატორი როჯერ უიქერი, კონგრესმენები – ქრის სმითი, რობერტ ადერჰოლტი რენდი ჰალთგრენი, მაიქლ ფითზპატრიკი, დევიდ შვაიქართი, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იან კელი, ხოლო საქართველოს მხრიდან – საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები