ნატო რუსეთთან ურთიერთობას წყვეტს

ნატო რუსეთთან სამოქალაქო და სამხედრო თანამშრომლობის ყველა პრაქტიკულ ფორმას წყვეტს. გადაწყვეტილება ალიანსმა კრემლის მიერ უკრაინაში განხორციელებული ქმედებების საპასუხოდ მიიღო. ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საგანგებო მიმართვა შეიმუშავეს, რომელშიც რუსეთს მოუწოდებენ, გადადგას სასწრაფო ნაბიჯები იმისათვის, რომ დაუბრუნდეს საერთაშორისო სამართლის ფარგლებს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ნატო უკრაინასთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობას დაამყარებს და ქვეყანას რეფორმების გატარებაში დაეხმარება. ანდერს ფოგ რასმუსენმა გამოსვლისას რუსეთის მიერ უკრაინის ანექსია ევროპაში მშვიდობის ყველაზე დიდ საფრთხედ გამოაცხადა. მან აღნიშნა, რომ ალიანსისა და კრემლის ურთიერთობა ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო. რასმუსენის თქმით, მოსკოვის ნაბიჯები რადიკალურად შეცვლის ევროპის თავდაცვის სისტემას. შეხვედრაზე გადაწყვიტეს, რომ რუსეთის მეზობელ ქვეყნებში ალიანსი ჯერჯერობით არ გაგზავნის დამატებით სამხედრო ძალას, თუმცა, რასმუსენის თქმით, ნატო უზრუნველყოფს პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოებას.

„შევთანხმდით, შევაჩეროთ ნატოს ყველა პრაქტიკული თანამშრომლობა რუსეთთან. ამ ქვეყანამ აირჩია, რომ საკუთარი ქმედებებით კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა ყველა ის პრინციპი, რომელსაც ჩვენი თანამშრომლობა ემყარება. უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებები და ქვეყნის სუვერენული ტერირიტორიის ნაწილის უკანონო ანექსია გახდა ის ნაბიჯები, რომელმაც გაანადგურა რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებები. ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ აღარ გავაგრძელებთ რუსეთთან ისეთ თანამშრომლობას, როგორც ამას უწინ ვაკეთებდით. ნატოს გზავნილი ნათელია. ჩვენი პარტნიორების გვერდით ვართ. ასევე ვიცავთ სამართლის საერთაშორისო სისტემას, რომლის გასამართად განვლილ წლებში დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა. ჩვენ ვთხოვთ რუსეთს, დაიწყოს დიალოგი მდგომარეობის დიპლომატიური და პოლიტიკური დარეგულირებლისთვის“, – განაცხადა რასმუსენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები