“ჩემი აზრით, ნაკრები პროგრესირებს; ახალი ფეხბურთელები გამოვცადეთ და მათ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს” – ვილი სანიოლი
„გაუმჯობესდა თუ არა თამაში ისრაელსა და ლიეტუვასთან მატჩების შემდეგ? პოზიტივი ნამდვილად დავინახე და, ჩემი აზრით, ნაკრები პროგრესირებს”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა რუმინეთის საფეხბურთო ნაკრებთან ჩატარებული მატჩის შეფასებისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გუნდი ერთი კვირის განმავლობაში ერთად ემზადებოდა ამ შეხვედრისთვის.
“ახალი ფეხბურთელები გამოვცადეთ და მათ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. ვიმედოვნებ, მომდევნო შეხვედრას უკეთ ჩავატარებთ.
ირაკლი ეგოიანი ჩემთვის უცხო არ არის, ის, დიდი ხანია, ჩვენი თვალთახედვის არეშია. მასზე, ისევე როგორც ჩაკვეტაძესა და ბევრ სხვა მოთამაშეზე, დასავლური ფეხბურთის გავლენა საკმაოდ დიდია. რაც შეეხება მამაგეიშვილს, მთლიანობაში მისი თამაში მომეწონა. მართალია, ის გარემარბი არ არის, მაგრამ დავალებებს კარგად ასრულებს, დანარჩენი კი თავად მასზეა დამოკიდებული.
ახალწვეული მცველებიდან ვის შეუძლია მაღალი პრესინგით თამაში? ბოლო წლებში ნაკრებისთვის კაშიას მსგავსი მცველის პოვნა ფუფუნება იყო. ამასთან, დაცვის ცენტრში დავკარგეთ ხოჭოლავა, კვირკველია და გველესიანი. დაკვირვებაა საჭირო, რათა გამოვავლინოთ ისეთი მოთამაშეები, რომლებიც მათ შეცვლიან.
ჩაკვეტაძემ პირველ ტაიმში ისე ითამაშა, როგორც ამას მისგან ველოდით. მისი მდგომარეობის შესახებ ჯერ არაფერი ვიცით, სიტუაცია მალე შეფასდება და ზუსტი დიაგნოზიც გვეცოდინება. რაც შეეხება დავითაშვილს, მას ტრავმაც აწუხებს და იმის გამო, რომ ლიგა 1-ში ვერ დაწინაურდა, ფსიქოლოგიურადაც არცთუ ისე კარგ განწყობაზეა“, – აღნიშნა სანიოლმა.
საქართველო-რუმინეთს შორის ჩატარებული მატჩი ფრედ – 1:1 დამთავრდა.