პრემიერი: მთავრობა არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა წლევანდელი არჩევნები ღია, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს

საქართველოს მთავრობა არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა წლევანდელი არჩევნები ღია, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნების სამართლიან და ღია გარემოში ჩატარება, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ წინსვლას დაადასტურებს.
„წელს ჩვენ ვატარებთ საპარლამენტო არჩევნებს, საერთაშორისო დამკვირვებელთა აღიარებით, 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და სამართლიან გარემოში. საქართველოს მთავრობა არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა წლევანდელი არჩევნები ღია, თავისფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს, რითაც კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ჩვენს წინსვლას დემოკრატიული განვითარების გზაზე. ამ არჩევნებზე დასაკვირვებლად წელს კიდევ უფრო მეტი ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია გვყავს მოწვეული. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც ტრადიციულად წარმოადგენს ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ და კომპეტენტურ სადამკვირვებლო მისიას, წლევანდელ არჩევნებზეც სათანადოდ იქნება წარმოდგენილი საქართველოში. მზად ვართ, მივიღოთ დამკვირვებელთა მაქსიმალური რაოდენობა, რათა უზრუნველყოთ სარჩევნო პროცესების სრული გამჭვირვალობა. ეს არის ჩვენი ხელისუფლების პრესტიჟის და ღირსების საქმე. საბოლოოდ კი ქვეყნის დემოკრატიულობის საკითხის ტესტია. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ ტესტს ღირსეულად ჩავაბარებთ“,-განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები