“მშვიდობისა და ურთიერთთანამშრომლობის ევროპულ პროექტს ალტერნატივა არ გააჩნია და ის აუცილებლად გაგრძელდება”

ჩვენ გვჯერა, რომ მშვიდობისა და ურთიერთთანამშრომლობის ევროპულ პროექტს ალტერნატივა არ გააჩნია და ის აუცილებლად გაგრძელდება,-აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიაზე, რომელსაც თბილისი მასპინძლობს, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
პრემიერის თქმით, საქართველო, როგორც ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, იზიარებს და ევროპული ღირებულებების ერთგულია.
მისივე თქმით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის ურყევი ქვაკუთხედია.
სიტყვით გამოსვლისას კვირიკაშვილმა ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლაზეც ისაუბრა და ამის გამო სინანული გამოხატა.
„ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის ურყევი ქვაკუთხედი.
დღეს ევროკავშირი წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან და ძლიერ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირს მსოფლიოში. დარწმუნებული ვარ, მიუხედავად დღევანდელი სერიოზული სირთულეებისა, ვგულისხმობ, დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას, ევროკავშირის ძალა და სიმტკიცე სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება.
ჩვენ პატივს ვცემთ ბრიტანელი ხალხის არჩევანს, თუმცა გვინდა სინანულიც გამოვხატოთ ამის თაობაზე. ჩვენ გვჯერა, რომ მშვიდობისა და ურთიერთთანამშრომლობის ევროპულ პროექტს ალტერნატივა არ გააჩნია და ის აუცილებლად გაგრძელდება“,-განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები