დავით ბაქრაძე: ასოცირების შეთანხმება არის რეცეპტი საქართველოს განვითარებისთვის

სახელმწიფო მინისტრის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, დავით ბაქრაძის შეფასებით, ასოცირების შეთანხმება არის რეცეპტი საქართველოს განვითარებისთვის.
ამის შესახებ დავით ბაქრაძემ ასოცირების შეთანხმების სრულად ამოქმედების შეფასებისას ჟურნალისტებს განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ამბიციური გეგმები, რომლებიც უკავშირდება ქვეყნის ეკონომიკასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ახალი სტანდარტების დამკვიდრებას.
„საქართველოსთვის, მისი ევროპული გზისთვის, მისი განვითარებისთვის როგორც კეთილდღეობაზე, უსაფრთხოებაზე, სტაბილურ ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის არსებობს ძალიან კარგი რეცეპტი – ეს არის ასოცირების შეთანხმება. ჩვენ ეს დოკუმენტი მივიღეთ და ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, რომლებიც უკავშირდება სწორედ ახალი სტანდარტების დამკვიდრებას ჩვენს ეკონომიკაში და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ათწლეულების განმავლობაში ევროპული საზოგადოება ჩამოყალიბდა ყველაზე განვითარებულ, უსაფრთხოებაზე და სტაბილურ განვითარებაზე ორიენტირებულ საზოგადოებად. ეს საკანონმდებლო ბაზა ჩვენთვის ხელმისაწვდომია ასოცირების შეთანხმების ფორმით, რომელსაც ჩვენ თანდათანობით ვნერგავთ და ვახორციელებთ ჩვენს კანონმდებლობაში. გარდა ჩვენი ევროპული ინტეგრაციისა, ეს ემსახურება ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და მაღალი ხარისხის ინტეგრაციას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან”,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ასოცირების შეთანხმების სრულად ამოქმედებასთან დაკავშირებით , სახელმწიფო მინისტრმა განმარტა, რომ აქამდე მოქმედებდა ევროკავშირის, როგორც ინსტიტუტის კომპეტენციაში არსებული საკითხები, სრულად ამოქმედების შემდგომ კი უკვე წევრი ქვეყნების კომპეტენციაში არსებული საკითხებიც სრულად ამოქმედდება.
საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმება დღეიდან სრულად ამოქმედებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები