“ჩვენ ვაფასებთ იმ მიღწევებს, რომლებიც საქართველოს აქვს ასოცირების შეთანხმების განხორციელების ფარგლებში”

„ჩვენ ვაფასებთ იმ მიღწევებს, რომლებიც საქართველოს აქვს ასოცირების შეთანხმების განხორციელების ფარგლებში”, – ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში, ელჩმა იანოშ ჰერმანმა ასოცირების შეთანხმების სრულად ძალაში შესვლასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამავე პრესკონფერენციაზე იანოშ ჰერმანმა აღნიშნა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებების დროს კარგი იქნება, ევროკავშირმა ქართულად ისაუბროს, თავად კი ბოდიში მოიხადა, რომ მას ქართულად საუბარი არ შეუძლია.
„ასეთ ღონისძიებაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხოლმე, რომ ევროკავშირმა ქართულად ისაუბროს. ბოდიშს ვიხდი, რომ თავად არ შემიძლია ქართულად საუბარი, მაგრამ ვცდილობთ და ვსწავლობთ. ბევრ თქვენგანს ალბათ გაუკვირდა, რომ მხოლოდ ახლა შედის სრულად ძალაში ასოცირების შეთანხმება, ვინაიდან გასულ წლებში ჩვენ ძალიან ბევრს ვაკეთებდით ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. ჩვენ ვაფასებთ იმ მიღწევებს, რომლებიც საქართველოს აქვს ასოცირების შეთანხმების განხორციელების ფარგლებში. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ასოცირების შეთანხმება მოიტანს ”ამას”, გააკეთებს ”იმას”, მე მგონი, ახლა არის დრო, როცა მომავალში საუბარი აღარ მოგვიწევს და ვიტყვით, რომ ესა თუ ის პროცესი აწმყოში ხდება. ასოცირების შეთანხმება ქვაკუთხედია ჩვენი ურთიერთობებისა საქართველოსთან“, – განაცხადა ჰერმანმა.
მისივე განმარტებით, ასოცირების შეთანხმება უზრუნველყოფს ურთიერთობებს სამი მიმართულებით: რეფორმები, დემოკრატიული ღირებულებები და საქართველოს მოქალაქეებისთვის უკეთესი ცხოვრების ხელშეწყობა.
„ეს სამი კომპონენტი ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. რა თქმა უნდა, უკეთესი რეფორმები და ღირებულებები ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას და უფრო მტკიცე ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე უფრო ადვილია შესაბამისი რეფორმებისა და დემოკრატიული ღირებულებების გატარებაც. ჩვენ სრულად გვესმის, რა არის ევროკავშირის როლი ამ პროცესში. ასოცირების შეთანხმება ეს არის პროცესი, რომელიც სრულად არის დაფუძნებული ქართველი ერის ნებაზე, ამ ნებას ახორციელებს საქართველოს ხელისუფლება და მთელი ეს პროცესი ხორიცელდება ქართველების მიერ, ქართველებისთვის. ევროკავშირი აქ მხოლოდ იმისთვის ვართ, რომ დაგეხმაროთ“, – აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.
საქართველო ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების 80%, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ჩათვლით, 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან შევიდა ძალაში. დღეიდან კი შეთანხმება სრულად ამოქმედდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები