“ამომრჩეველს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და სამართლიანობისთვის ბრძოლას ვთავაზობთ”

„თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ მიზანს წარმოადგენს არა საარჩევნო ბარიერის გადალახვა, არამედ ამომრჩევლისგან იმ დოზით მხარდაჭერის მიღება, რომელიც პარტიას მისცემს საშუალებას, პარლამენტში წარმოდგენილი იყოს იმ დოზით, რომ შეძლოს მონაწილეობა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების დაკომპლექტების პროცესში, – ამის შესახებ „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერმა, თამაზ მეჭიაურმა „კვირის“ პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ გეგმებზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენი ამოცანაა, ამომრჩევლისგან მივიღოთ იმდენი მხარდაჭერა, რაც მოგვცემს საშუალებას, პარლამენტში წარმოდგენილი ვიყოთ იმ დოზით, რომელიც მინიმუმ უზრუნველყოფს ჩვენს მონაწილეობას იმ პროცესში, რომელიც დაკავშირებულია ხელისუფლების გადანაწილებასთან როგორც პარლამენტში, ისე მთავრობაში, რათა ჩვენი მხარდაჭერის გარეშე ვერ მოხდეს ვერც პარლამენტის ხელმძღვანელობის და ვერც მთავრობის დაკომპლექტება, რათა მომავალში ჩვენ ვაკონტროლოთ მთავრობის საქმიანობაც და გავხადოთ იმ მოთხოვნების შესაბამისი, რა მოთხოვნებიც ჩვენს მოსახლეობას აქვს და არა ე.წ. უცხოელ პარტნიორებს თუ პატრონებს.
რაც ეხება საარჩევნო სიისა და მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის პროცესს, თამაზ მეჭიაურის თქმით, ამ მხრივ, მისი პარტია დააგვიანებს იმ პოლიტიკურ სუბიექტებთან შედარებით, რომლებსაც პარტიული სტრუქტურები გააჩნიათ, ან თავად სახელისუფლებო შტოები წარმოადგენს მათ სტრუქტურებს.
„ყველაფერი გვექნება კანონით დადგენილ ვადებში. მაქსიმალურად ვცდილობთ, სიაც და მაჟორიტარული კორპუსიც დავაკომპლექტოთ ისეთი პიროვნებებით, რომლებსაც აქვთ, ერთი მხრივ, ავტორიტეტი და შეუძლიათ ხმების მოტანა და, ამავე დროს, არიან პროფესიონალები, რომელთა ცოდნა შეიძლება გამოყენებული იქნას კანონშემოქმედებაშიც,“- აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა.
პარტიის წინასაარჩევნოდ დაფინანსების კუთხით, თამაზ მეჭიაურმა აღნიშნა, რომ დაფინანსება ყველა პოლიტიკურ ძალას სჭირდება, მაგრამ მისი პარტიის არსიდან გამომდინარე, პარტიის დაფინანსება გაცილებით მცირეა, ვიდრე „იმ პოლიტიკური ძალებისა, რომლებიც უცხოურ ინტერესებზე არიან დამყარებულნი, ან მოიაზრებიან სახელგატეხილი პოლიტიკური ძალის სატელიტებად, ან მათ ჩასანაცვლებლად.“
„ჩვენი ხედვა აბსოლუტურ თანხვედრაშია მოსახლეობის დიდი ნაწილის ხედვასთან. ამომრჩეველს ტერიტორიული აღდგენისა და სამართლიანობისთვის ბრძოლას ვთავაზობთ, რადგან სამართლიანობა იმ დოზით ვერ აღდგა, როგორი დაპირებაც იყო მმართველი პარტიის მხრიდან“,- თქვა მან.
თამაზ მეჭიაურის თქმით, წინასაარჩევნო კამპანიისთვის საჭირო ფინანსების მოძიების ორი გზა არსებობს: ერთი მხრივ, მცირე მასშტაბის შემოწირულობა და, მეორე მხრივ, მაჟორიტარებად ისეთი კანდიდატების შერჩევა, ვისაც შესაძლებლობა აქვს, რომ თავისი კამპანია საკუთარი შესაძლებლობით დააფინანსოს.
„არის პატარ-პატარა შემოწირულობები, რომელიც შეიძლება გვეყოს ორიოდე ოფისის გასახსნელად. არიან ისეთები, ვინც პირდაპირ ოფისებს, ან საკუთარ თავს გვთავაზობენ, რომ მაჟორიტარად იყრიან კენჭს და ამის სანაცვლოდ თავად დააფინანსებენ როგორც საკუთარ ოფისს, ასევე უზრუნველყოფენ სააგიტაციო მასალას და პარტიული სიისთვის მხარდაჭერას. მწირი დაფინანსების პირობებში წინ ძალიან წარმატებულად მივდივართ და ამაზე ჯერ ღიად არ ვსაუბრობთ“, -აღნიშნა მან.
მეჭიაურის თქმით, როცა პარტია კანდიდატების ვინაობას დაასახელებს, მაშინ ითქმება საჯაროდ, ვის მიერ ხდება დაფინანსება და წარდგენილი იქნება ხარჯები აუდიტის სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები