თამაზ მეჭიაური: არჩევნებში პოლიტიკური ასორტიმენტი უნდა იყოს წარმოდგენილი

პარტია „თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერის, თამაზ მეჭიაურის აზრით, საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარების შემთხვევაში, მომავალ პარლამენტში წარმოდგენილი იქნება ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ამომრჩევლის გემოვნებას შეესაბამება. ამის შესახებ თამაზ მეჭიაურმა „კვირის“ პრესკლუბში“ გამართულ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„თუ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები და ეს არ გულისხმობს მხოლოდ საარჩევნო გარემოს შექმნას, როცა არავინ არავის ძალით არაფერს არ ახაზინებს, არამედ ისეთი პირობების შექმნას, როდესაც წარმოჩენილი იქნება ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც შეესაბამება ამომრჩევლის გემოვნებას, მაშინ არჩევნების შედეგებიც შესაბამისი იქნება. ამიტომ არჩევნებში პოლიტიკური ასორტიმენტი უნდა იყოს წარმოდგენილი“, -განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
მისი თქმით, თუკი მოხდება ისე, რომ დაიბლოკება ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამომრჩევლის გემოვნებას შეესაბამება, მაშინ ასეთი ამომრჩეველი უბანზე არ მივა და ასე გამოხატავს თავის პროტესტს.
მეჭიაურის აზრით, თუკი ამომრჩევლის გამოკითხვები სამართლიანად ჩატარდება, გამოჩნდება, რომ დღეს მეტი მხარდამჭერი ყავს, დამოუკიდებელი, ეროვნული მსოფლმხედველობის მქონე პოლიტიკურ ძალებს, ვიდრე სხვის სატელიტ პარტიებს.
„დღეს მოსახლეობაში განწყობა აბსოლუტურად განსხვავებულია. მოსახლეობის დიდი ნაწილს, როდესაც დაინახა ნატოს ქმედებები საქართველოს მიმართ, ეს გადაეზარდა დიდ იმედგაცრუებაში. ევროკავშირის მხრიდანაც ჩვენი ხალხის ინტერესების უგულებელყოფამ, როდესაც ყველაფერი შევასრულეთ, რა ვალდებულებებიც გვქონდა, ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, და, ამის მიუხედავად, ჯერ მაინც ვერ მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია, ნიჰილისტური განწყობები გაზარდა.
მოსახლეობის უმრავლესობას თავისუფლება, დამოუკიდებლობა მოენატრა და თუ ამას დავუმატებთ, რომ ჩვენი ამომრჩევლის მთავარი ტკივილი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, ამომრჩეველი ვერც „ქართულ ოცნებაში“ ხედავს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მათ მოთხოვნებს დაუკმაყოფილებს და ვერც „ნაციონალურ მოძრაობაში“. ამიტომაც არის გაჩენილი ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ორიენტირებული არიან უშუალოდ ამომრჩევლის შეკვეთაზე და არა – უცოეთიდან შეკვეთაზე. არა ისე, ნატოს სიყვარულში ერთმანეთს რომ ეჯიბრებიან და უნდათ, რომ ელჩისგან მიიღონ ნებართვა, რომ მხოლოდ ის არჩევნები დააფიქსირონ ლეგიტიმურად, რომელშიც ასეთი ძალები იქნებიან გამარჯვებულნი. ეროვნულ ძალებზე ორიენტირებულ მოსახლეობას უნდა მიეცეს არჩევანის გაკეთების საშუალება და თუ გამოკითხვები სამართლიანად ჩატარდება, გამოჩნდება, რომ გაცილებით მეტი მხარდამჭერი ჰყავს დღეს დამოუკიდებელი, ეროვნული მსოფლმხედველობის მქონე პოლიტიკურ ძალებს, ვიდრე სხვის სატელიტ პარტიებს“, -განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები