ვინ არის ქალი, რომელიც კლავს – მსხვერპლი თუ უგულო დემონი?
ვინ არის ქალი რომელიც კლავს – მსხვერპლი თუ უგულო დემონი?
ქალის მხრიდან გამოვლენილი ძალადობა დიდი ხნის მანძილზე ამოუცნობ ფენომენად რჩებოდა. ვინ არის ქალი, რომელიც სერიულ მკვლელად იქცევა? მამაკაცის უნებლიე თანამზრახველი თუ საბედისწერო ადამიანი, რომელიც ფსიქიკურად გაუწონასწორებელია. „ბი-ბი-სიმ“ აღნიშნული საკითხის განხილვას ვრცელი სტატია მიუძღვნა.
მსგავს სტუმრობას არავის ვუსურვებთ – კარზე კაკუნია, შემოდის პოლიციელი, რომელიც აცხადებს, რომ თქვენი ოჯახის ერთ-ერთი წევრი მოკლულია. არადა, სწორედ ასეთი ვიზიტის შემდეგ შეიტყო 1994 წლის მარტში მერიემ პარტინგტონმა მისი 20 წლის დის დაღუპვის შესახებ.
ლიუსი 1973 წლის დეკემბერში დაიკარგა. მაშინ სულ რაღაც 20 წლის იყო. ფილოლოგიის ფაკულტეტი ახალი დამთავრებული ჰქონდა, უკანასკნელად ერთ-ერთ მეტროსადგურში შენიშნეს. მისი სხეული 20 წლის შემდეგ იპოვნეს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაღუპულის ნათესავებმა გოგონას რეალური გაუჩინარების მიზეზის შესახებ, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, სწორედ ამ დროს შეიტყვეს.
რატომ კლავენ ადამიანებს სერიული მკვლელები; საიდან მოდის ამდენი ბოროტება და რატომ არის ასეთი რთული მისგან გათავისუფლება; როგორია ადამიანი, რომელსაც სიძულვილის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, – ამ თემებზე „ბი-ბი-სიმ“ სტატია მოამზადა, რომლის თარგმანსაც „კვირა“ გთავაზობთ:
ლიუსი ჯერ აწამეს, შემდეკ კი მოკლეს. მისი დანაწევრებული სხეული „გლოსტერის“ სარდაფში დამარხეს – იმ ადგილზე, სადაც სერიული მკლელების ფრედისა და როზმარი უესტის სხვა ნაწამები მსხვერპლებიც იყვნენ დამარხულნი.
1995 წელს, ფრედ უესტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ამ დროისთვის ის უკვე დაპატიმრებული იყო. იმავე წლის ნოემბერში როზმარი ათამდე ადამიანის მკვლელობაში ამხილეს. მათ შორის იყო მისი 16 წლის ქალიშვილი, 8 წლის გერი და ქმრის საყვარელიც. სასამართლომ მას სამუდამო განაჩენი გამოუტანა. მისი სასჯელი გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა.
„ლიუსის მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით ჩაიდინეს. ის აწამეს, შემდეგ კი გააუპატიურეს, თუმცა ყველაფრის მიუხედავად არ შემეძლო ყველაფერი ისე დამეტოვებინა, როგორც იყო. ლიუსი აიძულეს, რომ გაჩუმებულიყო. ხალხმა უნდა იცოდეს ამის შესახებ და მე მათ ეს აუცილებლად უნდა ვუამბო“,-ამბობს მერიემი.
მერიემი საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობს, სახელწოდებით „პატიება“ მისთვის ყველაზე საბედისწერო ისტორიას ის პატიმრობაში მყოფი ადამიანების დასახმარებლად იყენებს – ეხმარება როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს, ეხმარება იმისთვის, რომ გაიაზრონ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული და სწორი გზით განაგრძნონ ცხოვრება.
იმის მიუხედავად, რომ დიდ ბრიტანეთში როზმარი განსაკუთრებულად სძულთ, 2004 წელს, მერიემმა მას თანაგრძნობის წერილი გაუგზავნა. პასუხი მისთვის საკმაოდ მოულოდნელი იყო. საპასუხო წერილში უესტმა მოითხოვა, რომ მსგავსი წერილებით, ის აღარ შეეწუხებინა.
„დანაშაულთან შეგუება მარტივი არ ყოფილა. იშვიათად ვიყენებ სიტყვა ამორალურს, თუმცა როდესაც ამ ადამიანის ნაამბობი მახსენდება, ვხვდები, რომ მას არანაირი მორალური პრინციპი და ღირსება არ გააჩნდა“,-ამბობს მერიემი.
მისივე განცხადებით, ქალ მსჯავრდებულებთან მუშაობა განსაკუთრებით რთულია.
ქალები მამაკაცებზე ნაკლებად არიან ძალადობისკენ მიდრეკილნი, თუმცა თუ სტატისტიკური მონაცემებით ვიმსჯელებთ, მაშინ დამნაშავე ქალების რაოდენობა ბოლო წლების მანძილზე ბრიტანეთში საგრძნობლად მატულობს. კვლევების თანახმად, 1999-2000 დან 2007-2008 წლებში, იმ ქალების რაოდენობა, რომლებიც ძალადობრივი ქმედებებისთვის დააკავეს, სამჯერ გაიზარდა. სადაო საკითხი რჩება ამ სამწუხარო რეალობის გამომწვები მიზეზები. ეს განპირობებულია იმით, რომ იზრდება ძალადობის რიცხვი, თუ იმით, რომ იზრდება იმ საქმეების რიცხვი, რომლის გამოძიებასაც სამართალდამცავები ვერ ახერხებენ? თუმცა, ვინ იცის, იქნებ ორივე მიზეზი რეალურია?!
მოსაზრება იმის შესახებ, რომ ქალი შესაძლოა იყოს სასტიკი და ამასთან მკვლელიც, რა თქმა უნდა, შოკისმომგვრელია. თუმცა, რატომ? განა დიდი განსხვავებაა ქალისა და მამაკაცის მიერ ჩადენილ ძალადობას შორის? ამ ძალადობას ჩვენ სხვადასხვაგვარად აღვიქვამთ. ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ ქალის შესახებ, სტერეოტიპები ხელოვნურად იქმნება და ნებისმიერი ქალი, რომელიც ძალადობას გამოავლენს, უნდა დააპატიმრონ. თუმცა, ვინ იცის, ეს ხომ მხოლოდ მოსაზრებაა. ქალის მიერ გამოვლენილ ძალადობასთან ბრძოლა რთული საქმეა. ზოგიერითი ადამიანი იმისკენ იხრება, რომ ძალადობის ჩამდენი ქალების წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო გზა ისევ და ისევ მათი დახმარებაა, რადგან მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. უფრო მეტიც, თუ საკითხს სხვა მხრიდან შევხედავთ და დანაშაულის ჩადენის მიზეზის დადგენას შევეცდებით, მივხვდებით, რომ რეალობა შესაძლოა განსხვავებულიც იყოს. საკითხისადმი ასეთი მიდგომა სრულად ცვლის სურათს.
ძალადობის ისტორია
ძველ ეპოქაში, ის ქალები, რომლებიც ძლიერები იყვნენ, და რომლებსაც მკვლელობის ჩადენა შეეძლოთ, საზოგადოებაში განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებდნენ. მაგალითისვის, ასეთი ქალი იყო ჟანა დარკი, ფრანგი მებრძოლი, რომელსაც სამეფო კარზე არსებული დაპირისპირების გამო, ჯადოქარობა დასწამეს და ცეცხლზე დაწვეს, თუმცა იმ ხანად, ის ბევრისთვის მისაბაძი იყო და სიძლიერის ეტალონად ითვლებოდა. მას შემდეგ რამდენიმე საუკუნე გავიდა…
დღევანდელ ეპოქაში, ქალები ხშირად იკავებენ მაღალ და მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობებს. ეს ტენდენცია არამხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიოს ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებშიც არის. ძლიერი ქალი ხშირად ბოროტი მიზნებისთვის იყენებს მის სიძლიერეს, ისტორია ადასტურებს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, ქალები თავად არიან დანაშაულის ჩადენის ინიციატორები, ისინი არიან არამხოლოდ თანამზრახველები, არამედ უშუალო შემსრულებლებიც. ამის დამადასტურებლად, მსოფლიოს უახლესმა ისტორიამ, არაერთი მტკიცებულება შემოინახა.
მაგალითისთვის, ნახევარ მილიონზე მეტი გერმანელი ქალი გაიწვრთნა სპეციალურად იმისთვის, რომ ომის დროს ის მოვალეობა შეესრულებინათ, რასაც ებრალებთან მიმართებაში ასრულებდნენ. ისინი იყვნენ მკვლელობის თანამონაწილეები და უშუალო შემსრულებლებიც. ისინი ხოცავდნენ არამხოლოდ მამაკაცებს, არამედ ქალებს, ახალგაზრდებს, მოხუცებს და ბავშვებსაც, სქესის განურჩევლად. ამ პერიოდში, 3500-ზე მეტი ქალი უშუალოდ ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკებში მუშაობდა, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ მხოლოდ მათი ნაწილი წარსდგა საბოლოოდ სასამართლოს წინაშე.
რუანდას პირველად 1997 წელს ვესტუმრე. გენოციდის მოწყობიდან 3 წლის შემდეგ. ვესაუბრე იმ ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ იყვნენ წამების მსხვერპლნი. მათი ისტორიები იმ საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვისაც ვთარგმნე, რომლებიც ძალადობის შემდეგ გადარჩენილ ადამიანებს დახმარებას უწევდნენ. მახსოვს, რომ გამაოცა იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებიც ამ ქმედებებში მონაწილეობდნენ. ზოგიერთ შემთხვევაში ისინი მხოლოდ მეთვალყურეები იყვნენ და გენოციდის პროცესს თვალს ადევნებდნენ, თუმცა ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ეს ადამიანები, უშუალოდ გენოციდის მონაწილეები იყვნენ და პირადად ღებულობდნენ მონაწილეობას ადამიანების წამებაში, დახოცვაში და შემდეგ მათი სხეულების დანაწევრებაში.
როდესაც მსგავს ქმედებებში ქალები არიან გარეულნი, ჩვენ გაცილებით უფრო მძიმედ განვიცდით ასეთ ამბავს – ისე აღვიქვამთ, როგორც ღალატს, რადგანაც ქალები მსგავ დანაშაულს არ უნდა სჩადიოდნენ… ქალები კარგად იცნობენ ბავშვის ფსიქოლოგიას, ზოგიერთ შემთხვევაში იმდენად კარგად, რომ ამას ბოროტი მიზნების განსახორციელებლად იყენებენ. მაგალითისთვის, გენოციდის დროს, მაშინ როდესაც ქალები შენობის სხვადასხვა კუნჭულში დაკარგული ბავშვების პოვნას ცდილობდნენ, ისინი სხვადასხვა სახის წიწაწაკს ფანტავდნენ. ზუსტად იცოდნენ, რომ ბავშვები, რომლებიც მას იპოვიდნენ, აუცილებლად დაიწყებდნენ ცემინებას. შედეგად კი ისინი მათ პოვნას და მათი მიზნების განხორცილებას – სასიკვდილო განაჩენის გამოტანას შეძლებდნენ.
უახლოეს წარსულში, კერძოდ კი 1970 წლიდან, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მამაკაცების მხრიდან ქალების მიმართ გამოვლენილი ძალადობა მოექცა. ყველაფერი იქით წავიდა, რომ ძალადობა, როგორც ოჯახური, ასევე სექსუალური, გენდერულ საკითხებს დაუკავშირეს და განსხვავებული განმარტებაც მისცეს. რეალობიდან გამომდინარე, მამაკაცებს გაცილებით მეტ კანონდარღვევასთან აქვთ საქმე, ვიდრე ქალებს. ისინი ჩადენილი ძალადობების 80 პროცენტის აქტორები არიან. მათ შორის ბევრია რეციდივისტიც. ხშირია შემთხვევები, როდესაც თავიანთ ცოლებს ხოცავენ და ოჯახური ძალადობის მსხვერპლად აქცევენ.
„ზოგიერთი ამერიკელი კრიმინოლოგი აცხადებდა, რომ გენდერული ბალანსისკენ მიმართული კამპანია გაზრდიდა აგრესიასთან დაკავშირებული დანაშაულების რაოდენობას“,-განაცხადა ფრენსის ხაიდენსონმა.
„ქალების მხრიდან გამოვლენილი ძალადობა გაიზარდა, თუმცა უმნიშვნელოდ. ბევრი დანაშაული აღქმული იყო, როგორც ერთგვარი სენსაცია, რომელიც საზოგადოებაში განსკაუთრებულ რეაქციას იწვევდა. ეს ერთგვარად სურათსაც ცვლიდა,“- აცხადებს მერიემი.
1993 წლიდან 2005 წლამდე, ინგლისში მყოფი მსჯავრდებული ქალების რაოდენობა თითქმის სამჯერ გაიზარდა. ეს რაოდენობა 1990 წლების რაოდენობას 2000 ადამინით აჭარბებდა. ქალები სერიული მკვლელობების გარდა სხვა დანაშაულებშიც არიან მხილებულნი. მათ შორის ტრეფიკინგში, ორგანოებით ვაჭრობაში, წამლით ვაჭრობაში და სხვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში.
თუ სტატისტიკური მონაცემებით ვიმსჯელებთ, ქალ მსჯავრდებულებზე ჩადენილი დანაშაულების 5 პროცენტი მოდის. 2016 წლის მარტის მონაცემებით, ინგლისსა და უელსში ჩადენილი დანაშაულებიდან ერთი მეოთხედი ძალადობრივ ქმედებებს შეადგენდა. სტატისტიკის თანახმად, ქალების მიერ ჩადენილი დანაშაულები უკავშირდება მათ ახლობლებს, იმ მოწყვლად ჯგუფს, რომლებიც როგორც წესი მათზე გაცილებით სუსტები არიან. ესენია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ბავშვები და მოხუცები. აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსი დანაშაულები როგორც წესი, არა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, არამედ სახლებში ხდება, სადაც ქალები არიან როგორც თანამონაწილეები, ასევე უშუალო შემსრულებლებიც.
რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, ხშირია შემთხვევები, სადაც გამოძიების შედეგად ირკვევა, რომ მოკლული ქალბატონის ახლობლები ხშირ შემთხვევაში ინფორმირებულები არიან შესაძლო დანაშაულის შესახებ. არსებობს უმარავი შემთხვევა, სადაც დაგეგმილი დანაშაულის შესახებ იცის მეუღლემაც და ოჯახის სხვა ახლობლებმაც.
დიდი ბრიტანეთის სამეფო ინსპექციის კვლევის „ღირსების დანაშაულების“ მიხედვით საკმაოდ საინტერესო და პიკანტური დეტალები დადგინდა. კერძოდ ის, რომ ქალის სასქესო ორგანოზე გაკეთებული ოპერაციები და ასევე ძალდატანებული ქორწინებები გამომდინარეობს არა მხოლოდ მამაკაცის სურვილიდან, არამედ ქალის სურვილიდანაც. ამავე კვლევის თანახმად, დადგინდა, რომ ქალების მიერ ჩადენილი დანაშაულები და მათ შორის მკვლელობებიც შესაძლოა, ღირსების დაცვის ან მისი აღდგენის დაცვის მიზნით იყოს ჩადენილი, რაც მოვლენათა განვითარებას საკმაოდ საინტერესო იერსახეს აძლევს.
თანამედროვე კვლევებმა აჩვენა, რომ ქალები დიდ როლს თამაშობენ ტერორისტული აქტების განხორიციელებაში, ასევე ადამიანებით ვაჭრობის საქმეში და სხვა მძიმე დანაშაულების ჩადენის პროცესში. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ მათი როლი ხშირად მიჩქმალულია, რადგანაც ქალებს ზოგიერთ შემთხვევაში არ აღიქვამენ მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებად. საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს ვერ წარმოუდგენია, რომ ადამიანმა, რომელიც მზრუნველობისა და სიკეთის სიმბოლოა, შესაძლოა სასტიკი დანაშაული, ზოგიერთ შემთხვევაში კი მკვლელობაც ჩაიდინოს.
1993 წელს, ჰოსპიტალ „ბევერლი ალიტის“ ექთანმა , რომელიც საზოგადოებაში ცნობილია როგორც „სიკვდილის ანგელოზი“, იმ დროში ერთ-ერთი ყველაზე საზარელი დანაშაული ჩაიდინა. სასამართლომ ის ოთხი ბავშვის მკვლელობაში ამხილა. ნავშვები იმ საავადმყოფოში მკურნალობდნენ, სადაც „სიკვდილის ანგელოზი“ მუშაობდა.
ამავე წლის 5 მაისს, გაზეთმა „დეილი-ექსპრესმა“ დაწერა:
„საზოგადოებაში ექთანი ქალური მზრუნველობის სიმბოლოდ ასოცირდება. ეს არის ადამიანი, რომელიც დასნეულებულ პაციენტებს ეხმარება და თანადგომაც უცხადებს. სწორეედ ამიტომ არის, რომ ექთანის მიერ ჩადენილი დანაშაული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის რთულად აღსაქმელია. ეს არის არაბუნებრივი, ამაზრზენი და სასტიკი. ექთნის მიერ ჩადენილი დანაშაული ყოველგვარ ბიოლოგიურ და მორალურ წესებს ეწინააღმდეგება“.
ის მოსაზრება, რომლებიც გაზეთმა გამოაქვეყნა, არა მხოლოდ ემოციურ ფონზე იყო დაწერილი, არამედ ფსიქოლოგიურ კონცეფციას ემყარებოდა, კერძოდ, ბიოლოგიურ ესენციალიზმს. ეს უკნაასკნელი კი გახლავთ თეორია, რომელის მიხედვითაც, ქალი უშუალოდ ადამიანის მოვლაზე და მზრუნველობაზეა დაპროგრამებული ადამიანია. ამავე თეორიის თანახმად, ქალი ეს არის ადამიანი, რომელსაც მკვლელობის ჩადენა და ტკივილის მიყენება არ ძალუძს.
რა თქმა უნდა, არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ მამაკაცი, როგორც წესი, მეტ დანაშაულს ჩადის, თუმცა თუ რა არის ამის მიზეზი – გენეტიკური ფაქტორი, ფიზიკური აღნაგობა, გონებრივი მონაცემები თუ რაიმე სხვა, დადგენილი არ არის. თანამედროვე კვლევებმა ვერ დაადასტურეს ის ფაქტი, რომ ქალისა და მამაკაცის გონება მსგავი სისტემით ფუნქციონირებს. ესტონეთის უნივერსიტეტის ერთ-ერთმა მკვლევარმა ჯინა რიპონმა დაადგინა, რომ ის უნარ – ჩვევები, რომლებიც ქალსა და მამაკაცს ახასიათებს, მაგალითისთვის, მამაკაცს სიძლიერე, ქალს კი სინაზე, შესაძლოა ორივე ინდივიდს გააჩნდეს. ამასთან, მსგავსების პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.
ხშირია, როდესაც მკვლელ ქალებს „შეურაცხადებს,“ „გაფუჭებულებს“ უწოდებენ, ზოგჯერ მათ ქმედებას იმითაც ხსნიან, რომ ისინი შესაძლოა, მორალურად განადგურებულები იყვნენ.ზოგიერთ შემთხვევაში, საზოგადოების გარკვეული ნაწლი მიიჩნევს, რომ მამაკაცების მხრიდან გამოვლენილ ძალადობას შესაძლოა გამართლება მოეძებნოს. ხშირ შემთხვევაში ისინი თვალსაც ხუჭავენ და ფიქრობენ, რომ ეს ასეც უნდა იყოს, სამაგიეროდ, ქალის შემთხვევაში ასე იშვიათად ხდება.
ჩვენ ან ვუთანაგრძნობთ ქალებს, რომლებიც საზარელ დანაშაულს ჩადიან, ან კიდევ ვემიჯნებით მათ. ასეთი ქალები საზოგადოებისგან ხშირად დაგმობილები არიან. ეს შესაძლოა იმით აიხსნას, რომ არ გვსურს, ვინმე უცნობმა ადამიანმა მათთან გაგვაიგივოს. ზოგიერთ შემთხვევაში ქალის მიერ ჩადენილ დანაშაულს ჩვენ იმით ვამართლებთ, რომ ამ დროს, ის შესაძლოა მამაკაცის ზემოქმედების ქვეშ ყოფილიყო. არის შემთხვევები, როდესაც ფიქრობენ, რომ ქალს, დანაშაულის ჩადენა აიძულეს.
კვლევებმა დაადგინა, რომ ძალადობისკენ მიდრეკილი ქალებს სექსუალური გადახრები აქვთ. მათი შესწავლისას, არკვევენ კარგი დედა იყო ის თუ არა? კარგი ცოლი იყო ის თუ არა, თითოეულ დეტალს დიდი მნიშვნელობა ენიჭება მათი ხასიათის შესწავლისა და გაანალიზებისთვის.
ოჯახური ტერორი
სახლი – ადგილი, სადაც თავს ყველაზე უსაფრთხოდ და საიმედოდ ვგრძნობთ, ერთ დღეს შესაძლოა ყველაზე საშიშ ადგილად გადაიქცეს. ტრადიციულად, ერთ-ერთ მთავარ დამნაშავედ მამაკაცი ითვლება, თუმცა მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, ეს ნებადართულია – რატომ? იმიტომ, რომ ის მამაკაცია.
თუმცა, ყოველთვის ასე არ ხდება. მამაკაცი არ არის ყოველთვის დამნაშავე და მოძალადე, ქალი კი მსხვერპლი. უელსსა და ინგლისში ჩატარებული კვლევის თანახმად, 2014-2015 წლებში ქალების 27%, მამაკაცების კი 13% ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ხდებოდა. მათ შორის იგულისხმება ის ადამიანები, რომლებიც 16 წლის ასაკისანი იყვნენ. ციფრებში კი ეს ყველაფერი ასე გამოიყურება: ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალების რაოდენობა 4.5 მილიონს აღწევს, მამაკაცების კი 2.2 მილიონს, პრაქტიკულად ორჯერ ნაკლებს. ძალადობას ადგილი არა მხოლოდ ჰეტეროსექსუალებში, არამედ ჰომოსექსუალებშიც აქვს.
2013 წელს, აშშ-ში ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ამ წელს, სექსუალური ძალადობების 44 % სწორედ ლესბოსელ ქალებზე მოდიოდა, 35 % კი გეტეროსექსუალ ქალებზე. რისკ ფაქტორს წარმოადგენდა ბისექსუალი ქალებიც.
ბუნებაში არსებულ ყველა გრძნობას შორის, დედობრივი გრძნობა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ის დიდ როლს თამაშობს ადამიანის ჩამოყალიბებაში, თუმცა გასათვალისიწნებელია ისიც, რომ ხშირად, მკვლელები დედებიც ხდებიან. მიზეზები განსხვავებულია, თუმცა მკვლელი დედები ხშირად თავად ყოფილან ძალადობის მსხვერპლი.
ფსიქოლოგიის დოქტორი და პროფესორი ანა მოცი მიიჩნევს, რომ იმის დადგენა, თუ რატომ სურთ ქალებს ძალადობის ჩადენა და რატომ ხდებიან ისინი მკვლელები, რთულია.
„ქალის სექსუალობის შესახებ ახლა გახსნილად შეგვიძლია საუბარი. ამის შესაძლებლობა ფემინიზმმა მოგვცა. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქალებსაც შეიძლება ჰქონდეთ გარკვეული გადახრები. მათ შეუძლიათ ბოროტად გამოიყენონ მათი ძალაუფლება თუნდაც მათ ოჯახის წევრებზე. ახლა ამ საკითხის განხილვა ჩვენ ღიად შეგვიძლია“,-განაცხადა მოცმა.
იმ საქველმოქმედო ორგანიზაციების კვლევები, რომლებიც ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან მუშაობენ, აცხადებენ, რომ ქალების მიერ ჩადენილი ძალადობის მასშტაბები განსხვავებულია. მაგალითად, ორგანიზაცია „ჩაილდ ლაინში“ აცხადებენ, რომ მათ ბავშვების მხოლოდ 17 % პროცენტი ურეკავს იმის შესატყობინებლად, რომ ძალადობის მსხვერპლები გახდნენ.
„Lucy Faithfull Foundation“-ის თანახმად, ბავშვებზე გამოვლენილი ძალადობის 10-20 სწორედ ქალებს უკავშირდება – ისინი არიან მოძალადეები, თუმცა იგივე ორგანიზაცია აცხადებს, რომ შედეგებიდან გამომდინარე ამ ქალბატონების მხოლოდ ერთი პროცენტი აგებს პასუხს სასამართლოს წინაშე და ისჯება.
პრობლემას ქმნის ის ფაქტიც, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს არ სჯერა, როდესაც აცხადებენ, რომ ბავშვები მოძალადე ქალების მსხვერპლნი გახდნენ. კვლევებმა ასევე დაადგინა, რომ შემთხვევათა უმეტესობაში, ბავშვებს სწორედ მათი ახლობლები, დედინაცვლები ან მამინაცვლები კლავენ. რაც შეეხება ბიოლოგიურ დედებს, ხშირია შემთხვევები, როდესაც მათ ახალშობილი ბავშვების სიკვდილში ადანაშაულებენ.
დედა როგორც კომფორტის სინონიმი?
მკვლევარი ესტელა უელდონი, რომელიც თავის დროზე ფემინისტი იყო, დედებისა და ბავშვების ურთიერთდამოკიდებულებას სწავლობდა. მისი განცხადებით, უარეს შემთხვევაში, ამ ურთიერთობას შეუძლია მიიღოს მარაზმული ხასიათიც, რის შედეგადაც, ბავშვის ფსიქოლოგიას სერიოზული ზიანი ადგება.
„ჩემი აღმოჩენა ადასტურებს იმას, რომ სექსუალური გარყვნილება, რომელიც ოჯახში ვლინდება, ციკლური ხასიათის არის“,- ამბობს უელდონი.
მისივე წიგნი, „დედა, მადონა, მეძავი“ გარკვეული დროის მანძილზე აშშ-ში აკრძალულიც იყო. მას არ ყიდდნენ ფემინისტური ლიტერატურის მაღაზიებში. აღსანიშნავია ისიც, რომ უელდონი, თავადაც ფემინისტი იყო, თუმცა ახლა ფემინისტურ სამყაროში მას მოღალატედ მიიჩნევენ.
“არის საკითხები, რასაც მე სხვა კუთხით შევხედე, ზოგიერთები ამას არ მპატიობენ. დავიწყე იმის მოსმენა, რასაც ასეთი ტიპის ადამიანები ამბობენ, აღმოვაჩინე, რომ მათ სძულთ მათი ბავშვები, თუმცა მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის გააზრება და არა მოსმენა“,-აცხადებს უელდონი.
ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის ანა მოცის განცხადებით, ქალის გაიდეალება და იმის გამორიცხვა, რომ მასაც შეიძლება ამოძრავებდეს ბინძური ზრახვები, მათ შორის ძალადობის ჩადენის სურვილიც, შესაძლოა დამღუპველი იყოს. მისივე თქმით, ის ქალები, რომლებიც ბავშვებს კლავენ, ხშირად ცდილობენ, რომ საკუთარი თავის იმ ნაწილისგან გათავისუფლდნენ, რომელიც ყველაზე მეტად სძულთ, თუმცა ფსიქოლოგი იმასაც აღიარებს, რომ ქალის შემთხვევაში თანაგრძნობის პროცენტი გაცილებით მაღალია, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ძალადობის ჩამდენი მამაკაცია, საზოგადოება ხშირ შემთხვევაში არც იმას ითვალისწინებს, თუ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს.
რამდენიმე მეცნიერმა ცნობილი სერიული მკვლელის მერი ენ კოტონის ისტორია შეისწავლა, მას 20-ზე მეტი ადამიანის მკვლელობაში ამხელდნენ. მის მიერ მოკლული ადამიანების უმეტესობა მისი ახლობლები იყვნენ, მათ შორის ბავშვებიც. ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ თითოეული მკვლელობა მას კარგად დაგეგმილი ჰქონდა… ის გამიზნულად ბოროტი განზრახვების გამო კლავდა ადამიანებს.
მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ სერიული მკვლელობების 15 % ქალების მიერ არის ჩადენილი. რა თქმა უნდა, ეს ციფრი არ არის განსაკუთრებით მაღალი, თუმცა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სერიული მკვლელები შესაძლოა ქალებიც იყვნენ.
სტატიაში განხილული იყო ის დანაშაულები, რომლებსაც „თეთრ ხალათში შემოსილი ექთნები“ სჩადიან. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ ტიპის დანაშაულს სწორედ ის ექთნები სჩადიან, რომელბსაც საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლიათ. მოწყვლად ჯგუფებს, სუსტ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მოხუცებს და ბავშვებს ისინი სწორედ ამ მიზნით ემტერებიან. ეს არიან იმ კატეგორიის ადმიანები, რომლებსაც ყველაზე ნაკლებად შეუძლიათ მათთვის წინააღმდეგობის გაწევა.
ერთ-ერთი რესპექტაბელური ბრიტანული ცენტრის მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ სერიული მკვლელების 63 % ფსიქიკურად შეურაცხადები არიან.
დანაშაულის ჩადენის უნარი
ბრიტანელების უმეტესობა მირა ჰინდლის ცივსისხლიან დემონად მიიჩნევს. მის თანამონაწილე იენ ბრეიდისთან ერთად მან 5 ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. მოვლენები 1963 წლის მარტში, ინგლისის სამხრეთით ვითარდებოდა. დამნაშავეს სასამართლო პროცესზე ჰეიდელ კენედი იცავდა. სასამართლო პროცესის შემდეგ მან წიგნიც კი დაწერა “როგორ ჩააწყვეს ევას საქმე” ადვოკატი ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ მისი დაცვის მხარე გარემოებების მსხვერპლი გახდა და უდანაშაულო იყო.
“მირა, არ იყო მკვლელობების ინიციატორი, თუმცა ის იყო მათი მონაწილე. ის მისი მეწყვილის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რადგანაც მის მიმართ დიდი ლტოლვა გააჩნდა. ტა მაირამ იცოდა, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა მის საქციელს, მაგრამ ის მაინც ცდილობდა ბავშვების მანქანაში შეტყუებას. მართალია, მასზე ზეგავლენას ახდენდნენ, მაგრამ მან იცოდა, რომ ბავშვებს სიკვდილი ელოდებდათ და მისი პატიება არ შეიძლებოდა”,-წერდა ადვოკატი წიგნში, რომელიც ამ საქმეს მან სასმართლო პროცესის დასრულების შემდეგ მიუძღვნა. იყო თუ არა მათ ცხოვრებაში იოტისოდენა სიყვარული?
რთულია ირწმუნო მომავალი, თუ საუბარია ადამიანზე, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა
ფსიქოლოგი და ფსიქიატრი ანა მოცი მიიჩნევს, რომ მერიემის მიერ შესრულებული კვლევები მოძალადე ქალებს შესაძლოა გამოსწორებაში და შემდგომ რეაბილიტაციაში დაეხმაროს. “თუმცა, სიმართლე გითხრათ, რთულია ირწმუნო მომავალი, თუ საუბარია იმ ადამიანზე, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა”, – წერს მოცი.
აღსანიშნავია, რომ მერიემმა, რომელიც ფსიქოლოგი იყო და რომელსაც ამ სფეროში 25 წლიანი სამუშაო გამოცდილება ჰქონდა, მის საქმიანობას თავი დაანება.
ყველაფრის მიუხედავად…
1995 წლის 16 თებერვალს მერიენ პარტინგტონი დაემშვიდობა მის უმცროს დას. აიღო გარდაცვლილის ქალა, აკოცა და მიწას მიაბარა. იგივე გააკეთა მისმა საუკეთესო მეგობარმა ბერილმაც, რომელმაც თავის ქალასთან გარდაცვლილის საყვარელი სათამაშოები დაალაგა. ლიუსის ახლობლებიც იქ იყვნენ. ისინი თვალყურს ადევნებდნენ წლების მანძილზე დაგვიანებულ დაკრძალვის ცერემონიალს.
P.S. უმჯობესი იქნება, თუ ქალს საზოგადოება რეალურად შეაფასებს და არ შეხედავს ისე, როგორც მხოლოდ მზურველობისა და სიკეთის გამომხატველ ობიექტს. რეალობის აღქმის შემთხვევაში სურათი რადიკალურად იცვლება. პრობლემას სწორი მიდგომა სჭირდება. პრობლემის გადასაჭრელად, პირველ რიგში მისი გააზრებააა საჭირო.
წყარო: http://www.bbc.com