გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ მყარ გამარჯვებაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ

საერთოდ ვფიქრობ, რომ კვლევებით სპეკულაციას ბოლო უნდა მოეღოს. წინა გამოცდილებით ვნახეთ, რომ ეს კვლევები აცილებულია რეალურ შედეგს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.
ამასთანავე, როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ საერთოდ არ აპირებდა კვლევის შედეგების გამოქვეყნებას, თუმცა, ეს აუცილებელი გახდა.
„საერთოდ ვფიქრობ, რომ კვლევებით სპეკულაციას ბოლო უნდა მოეღოს. ძალიან ხშირად, წინა გამოცდილებით ვნახეთ, რომ ეს კვლევები აცილებულია რეალურ შედეგს. ჩვენ გვქონდა შიდა კვლევები, საერთოდ არ ვაპირებდით გამოქვეყნებას, მაგრამ გაკეთდა განცხადებები, თითქოს ჩვენ გვეშინია კვლევების გამოქვეყნების, ამიტომ იძულებული გავხდით, გამოგვექვეყნებინა“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
კვირიკაშვილის განმარტებით, ყველა პარტია მუდმივ რეჟიმში ატარებს სოციალოგიურ კვლევას და ეს არ ეხება მხოლოდ საარჩევნო პროცესს, ეს ეხება ქმედებებს, გადაწყვეტილებებს, თუ როგორ აისახება ეს საზოგადოებრივ აზრზე.
„ეს არის ნორმალური პროცესი, რომელიც ხდება ყველა ქვეყანაში. ჩვენ გვაქვს ჩვენი აღქმა და ეს აღქმა ემყარება ძალიან ბევრ შეხვედრას, საჯარო შეხვედრებს, ქვეყნის რეგიონებში ძალიან აქტიურ მუშაობას, ჩვენ შიდა კვლევებს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ მოვიპოვებთ აბსოლუტურ უმრავლესობას. ვნახოთ, რა რაოდენობაში იქნება ეს გამოხატული, მაგრამ ჩვენ მყარ გამარჯვებაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ. ვნახოთ , არჩევენები წინ არის. მთავარია ერთი რამ – არჩევნები იყოს დემოკრატიული, გამჭვირვალე და დაფიქსირდეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი საქართველოს დემოკრატიზაციის“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ჩატარდეს მშვიდობიანი, უპირველეს ყოვლისა, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები