მაგდა პაპიძე: თვენახევრის ურთიერთობას სასიყვარულო ურთიერთობას ვერ დავარქმევ

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხა, სადაც მან ოთარ ბერძენიშვილთან სასიყვარულო ურთიერთობა უარყო.
მისივე თქმით, ოთარ ბერძენიშვილთან არც მომავალში გეგმავდა სასიყვარულო და სერიოზულ ურთიერთობას.
პროკურორმა მაგდა პაპიძეს დახურულ სხდომაზე გამოკვლეული ბერძენიშვილისადმი გაგზავნილი სმს-ის შინაარსი შეახსენა, სადაც ამბობდა რომ მისთვის ყველაფერს გააკეთებდა და მისი ახსნა მოსთხოვა.
“თუკი ორმხრივი სურვილი იქნებოდა ომარი ცივილურად შეხვდებოდა და მოძალადე არ იყო. თვენახევრის ურთიერთობას სასიყვარულო ურთიერთობას ვერ დავარქმევ”, – განაცხადა მაგდა პაპიძემ პროკურორის მიერ დასმული შეკითხვების საპასუხოდ და პროკურორს მოუწოდა, პირადი მიმოწერის დეტალები საჯარო სხდომაზე არ გაეხმაურებინა ისე, რომ კითხვას არ უპასუხა.

მანამდე, ბრალდებულმა პროკურორ ელენე ჩხეიძის მიერ დასმულ სხვა კითხვებს უპასუხა, რომელიც ძირითადად განსასჯელის წარსულს- სკოლის პერიოდს, სტუდენტობას, მომავალი მეუღლის გაცნობას, დაოჯახებას, შვილის შეძენას და მაგდა პაპიძის სამუშაო ადგილებს ეხებოდა. კითხვები დაისვა მისი რელიგიურობის თემაზეც. განსასჯელმა ვრცლად უპასუხა კითხვებს მეუღლესთან ურთიერთობაზე და განაცხადა, რომ ომარ ქაფიაშვილთან იდეალური ცოლ-ქმრობა აკავშირებდა, თუმცა ბოლო პერიოდში ვითარება მათ შორის დაიძაბა.

“ორსულად ვიყავი ომარმა მითხრა საშუალება არ გვქონდა და ხელოვნური აბორტი უნდა გამეკეთებინა. ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, მისი მითითებით გავიკეთე აბორტი. სწორედ ამიტომ ვიყავი განაწყენებული მასზე, წყენა მქონდა და გამიჭირდა ამის გადატანა. არეულობა ამ თემაზე ნამდვილად გვქონდა, თუმცა შემდეგ ურთიერთობა დალაგდა. ბოლო ორი თვის განმავლობაში ომარი სახლში სულ რამდენჯერმე მოვიდა. ერთხელ რომ მოვიდა წყალი გადაივლო ბავშვთან ერთად კომპიუტერთან ითამაშა და დაწვა საბანი თავზე გადაიფარა. ეს უცნაურად მომეჩვენა. ბოლოს დისტანცირებას ცდილობდა ჩემგან. ვეკითხებოდი რა ჭირდა და არ მეუბნებოდა. ცოტა ხანი მაცადეო ამბობდა. დამაეჭვებელი იყო ეს დისტანცია. საბანი გადავხადე როცა ეძინა, წამოხტა სულ სველი იყო“, – განაცხდა ბრალდებულმა და აღნიშნა, რომ მანამდე მეუღლესთან იდეალური ურთიერთობა ჰქონდა.
19 დეკემბრის მკვლელობის დეტალებზე ბრალდებას ჯერ შეკითხვები არ დაუსვამს. განსასჯელის დაკითხვა ხვალ განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები