ირაკლი ლომაია: რატომ დაუკავშირდით საკონსულოს და არა – მე

მას შემდეგ, რაც „კვირამ“ სტატია სათაურით: „საგარეო საქმეთა სამინისტრო კანადაში მყოფ ირაკლი ლომაიას სიცრუეში ამხელს“ გამოაქვეყნა, დაახლოებით 4-5 საათის შემდეგ რედაქციაში კანადიდან ირაკლი ლომაიამ დარეკა.
როგორც მან „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, მას პრეტენზია ჰქონდა, თუ რატომ არ დაუკავშირდა „კვირა“კანადაში და მისი კომენტარის გარეშე რატომ დაიბეჭდა სტატია. თუმცა, გუშინ, „კვირამ“ რამდენჯერმე სცადა ირაკლი ლომაიასთან დაკავშირება, ავტომოპასუხეს ხმოვანი შეტყობინებაც დაუტოვა და სწორედ, ამ ხმოვანი შეტყობინების შემდეგ აღმოჩნდა ირაკლი ლომაიას ტელეფონი – „მომსახურების ზონიდან გასული და მიუწვდომელი“.
ირაკლი ლომაიას კატეგორიული მოთხოვნის გამო, „კვირა“ გთავაზობთ მასთან სატელეფონო ინტერვიუს.

– მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს, რასაც აშუქებთ, უბრალოდ, თქვენ შეგეძლოთ, დალოდებოდით ჩემს ზარს. თუმცა, მე შევამოწმე ჩემი ტელეფონის ხმოვანი შეტყობინება და თქვენი ხმოვანი შეტყობინება არ ფიქსირდება.
– თქვენ დაგირეკეთ სწორედ იმ ნომერზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ თავადვე გამოაქვეყნეთ სტატუსის ბოლოს. დაგიტოვეთ ხმოვანი შეტყობინება და მას შემდეგ, ტელეფონი მიუწვდომელი აღმოჩნდა.

13578619_1169896459699512_2142601847_n– სტატიაში წერთ, საკონსულოს ინფორმაციას. საქართველოდან დევნილი პიროვნება აქ არის. ის არის პოლიტიკური თავშესაფრის მქონე, შესაბამისად, ოჯახი ითხოვს ანონიმურობას. როდესაც პირი არის კანადაში დევნილი, მას უმკაცრესად იცავს კანონი. ასეთ დროს, როდესაც ოჯახი ითხოვს კონფიდენციალურობას, კანადის ხელისუფლება და ჰოსპიტალი არანაირ ინფორმაციას არ გასცემს მის შესახებ, იმიტომ რომ ის არის დევნილი თავისი ქვეყნიდან. მე, მაქსიმალურად ვცდილობდი, დავხმარებოდი ადამიანს და რატომ უნდა მომცხოთ „ჩირქი“, მე რა დავაშავე?
– რატომ წაშალეთ თავდაპირველი გამოქვეყნებიდან რამდენიმე სტატუსი?
– დღემდე არ ვარ ინფორმირებული, რატომ არის დევნილი საქართველოდან, უამრავი ადამიანი მირეკავდა და მეხმაურებოდა, სხვადასხვა საკითხი აინტერესებთ. ჩემი პირველი სურვილი იყო, რომ მისი ოჯახი მომეძებნა. მას შემდეგ, რაც მე მოვძებნე მისი ოჯახი, წავშალე ჩემი სტატუსი. ოჯახის წევრებმა თავადვე მთხოვეს კატეგორიულად, რომ ამ საქმის აფიშირება არ მომხდარიყო. ამიტომ წავშალე. მე ადამიანი ვარ და მაქსიმალურად ვეცადე მისი დახმარება.
– თქვენ სად მუშაობთ? როგორც სტატუსში აღნიშნავდით, ამ პაციენტის ოპერირებას თავად ახდენდით. (გაბრაზდა)
– თქვენ რატომ გააშუქეთ ინფორმაცია ისე, რომ მე არ დამელოდეთ და არ დაელოდეთ ჩემს პასუხს.
– სხვადასხვა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს თქვენი თავდაპირველი სტატუსი და მაინცდამაინც „კვირამ“ გაგაბრაზათ?
– მედიასაშუალებებმა გააშუქეს ის თავდაპირველი სტატუსი.
– კი, მაგრამ, ჩვენ გადავამოწმეთ თქვენი ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროში.
– თქვენ გადაამოწმეთ ინფორმაცია ისეთ უწყებასთან, საიდანაც ადამიანი არის გამოქცეული. რატომ დაუკავშირდით საკონსულოს და არა მე. თქვენ გესმით, რას ნიშნავს პოლიტიკური დევნილის სტატუსი? თქვენ იცით რა შეგეშალათ, მე ვარ საქართველოს მოქალაქე, ვარ კანადის მოქალაქე, მე მყავს კანადის მოქალაქე მეუღლედ და მყავს ორი შვილი. მე მიცავს კანონი და ჩემზე ცრუ ინფორმაციას ვერ გამოაქვეყნებთ.
– სად მუშაობთ, სტატუსში წერდით, რომ პირადად თქვენ ღებულობდით ოპერირებას, როდესაც ამ პიროვნებას ოპერაციას უკეთებდნენ.
– მე ვარ კანადაში, ქალაქ ოტავადან გადმოსული ვანკუვერში, ვარ სამკურნალო ფაკულტეტის ნეოროქირურგიული განყოფილების პირველი ხარისხის მუცლის ღრუს ქირურგის მთავარი ასისტენტი, სადაც ვარ რეზიდენტად. მე არ ვარ შტატში ჩასმული ექიმი. შესაბამისად, არც ის ინფორმაცია არ დამიწერია, რომ ოპერაცია მე გავუკეთე. ვინმე ერთი ადამიანი მანახეთ, სადაც მე ანგარიში გავხსენი და ფულს ვითხოვდი. მე ვიცავ სამედიცინო ეთიკის ნორმას, რომლის თანახმადაც არ მაქვს უფლება, გავცე პაციენტის ვინაობა. ამასთანავე, პაციენტის ოჯახი ითხოვს ანონიმურობას, რომელსაც აქვს უდიდესი პრობლემა საქართველოში.
– პაციენტის ვინაობა, რომელიც თქვენ გამოაქვეყნეთ, სინამდვილეში არსებობს, თუ ტყუილია?
– დიახ, როგორც აღმოჩნდა, ეს ადამიანი არ არის სინამდვილეში, იმიტომ რომ იმას სხვა სტატუსი აქვს. მას ჩაბარებული აქვს საბუთები საბერძნეთში და საბერძნეთის საბუთით არის კანადაში შემოსული. სინამდვილეში არ ყოფილა მისი საბუთი. მე დღესაც ვესაუბრე მის ბიძაშვილს და მის ოჯახს, რომ პაციენტი ენახებინათ, მაგრამ მითხრეს, რომ ჩვენ პაციენტს ვამზადებთ და გადაგვყავს ოტავაში. ცოტა ხნის მერე მითხრეს, რომ პაციენტს ვამზადებთ გადაგვყავს ტორონტოში. ჩემთვის უცნობია, თუ რატომ მიმალავს ეს ოჯახი ინფორმაციას. კიდევ ვიმეორებ, ჩემთვის მთავარი იყო, რომ ამ პაციენტის ახლობლები მომეძებნა, რატომ მსჯით სიმართლისთვის?

შეგახსენებთ, რომ კანადაში მყოფმა ირაკლი ლომაიამ ორი დღის წინ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც იგი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქართველი ემიგრანტი – 24 წლის ვალერი ჟორჟაძე (შესაძლებელია, ჯორჯაძე) ვანკუვერის გენერალურ ჰოსპიტალში იმყოფებოდა და მას მკურნალობისთვის საჭირო თანხა არ გააჩნდა.
ამავე ინფორმაციაში ირაკლი ლომაია აღნიშნავდა, რომ ქართველი პაციენტის ოპერაციას თავადვე ესწრებოდა.
„24 წლის ახალგაზრდა ბიჭის, ვინმე ვალერი ჟორჟაძის მდგომარეობა, რომელსაც ჩაუტარდა სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია მუცლის ღრუს განხრით, საკმაოდ სავალალოა… მას ვანკუვერში არავინ ჰყავს, იგი გახლავთ არალეგალი, შესაბამისად, მის სამკურნალო თანხებს არ დაფარავს კანადის ემიგრაცია… პაციენტს სამსაათიანი მძიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩავუტარეთ, პირადად ვოპერირებდი ოპერაციას… ამჟამად პაციენტი გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში და გვყავს ხელოვნურ სუნთქვაზე. სამწუხაროდ, ამჟამად არ გაგვაჩნია არანაირი მონაცემი მისი მეგობრების ან ოჯახის შესახებ“, – წერდა ირაკლი ლომაია.

„კვირა“ ამ საკითხის გასარკვევად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და კანადაში საქართველოს საკონსულოს დაუკავშირდა.
„კანადაში საქართველოს კონსულმა წერილით მიმართა ვანკუვერის ჯანდაცვის განყოფილებას, რომელმაც გადაამოწმა ინფორმაცია როგორც ვანკუვერის გენერალურ ჰოსპიტალში, ასევე მთლიანად ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციის საავადმყოფოებში. მიღებული პასუხის თანახმად მოქალაქე Valeri Jhorjhadze, ან Valeri Gorgadz პროვინციის არცერთ კლინიკაში არაა მოთავსებული“, – განუცხადეს „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
გარდა ამისა, „კვირა“ კანადაში მყოფ ირაკლი ლომაიას იმ ნომერზე დაუკავშირდა, რომელიც თავად სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, თუმცა მან ზარებს არ უპასუხა. მოგვიანებით კი ტელეფონი გამორთო.

საშა გაგნიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები