გიორგი მღებრიშვილმა თურქ ხალხს თანადგომა და მხარდაჭერა გამოუცხადა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა თურქეთში, სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, თურქ ხალხს თანადგომა და მხარდაჭერა გამოუცხადა.
„შემძრა სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარმა ტრაგედიამ. ტერორიზმი – ესა არის უმძიმესი დანაშაული კაცობრიობის წინაშე, რომელსაც მთელი ცივილიზებული სამყარო უნდა დაუპირისპირდეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თურქ კოლეგებს სრულ თანადგომას უცხადებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენი გულწრფელი სოლიდარობა თურქ ხალხს, დაზარალებულთა და გარდაცვლილთა ოჯახებს, ნათესავებსა და მეგობრებს“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
გვიან ღამით, ნატოს წევრი სახელმწიფოს – თურქეთის უმსხვილეს აეროპორტზე სამი თვითმკვლელის მიერ განხორციელებულ თავდასხმას, ოფიციალური მონაცემებით, 36 ადამიანი ემსხვერპლა. მთლიანობაში დაშავებულია 147 ადამიანი.