მიხეილ გიორგაძე: ბაგრატი წელსაც არ იქნება ამოღებული იუნესკოს სიიდან

ვმუშაობთ, რომ გელათი არა მხოლოდ დარჩეს იუნესკოს სიაში, არამედ საფრთხის ქვეშ მყოფი ობიექტების ნუსხიდან ძირითად სიაში გადაინაცვლოს,- ამის შესახებ კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გაზეთ „პრაიმტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ბაგრატის ტაძარზე კი დაიწყება ერთობლივი მუშაობა, რათა ახალი ნომინაციით შევიდეს ის იუნესკოს სიაში.
„აქ საუბარია არა ცალკე აღებულ ტაძარზე, არამედ ისტორიულ ზონაზე, რომლის შემადგენლობაშიც იქნება ბაგრატიც. წინასწარი კომუნიკაციით, რაც შემიძლია გითხრათ, ბაგრატი წელსაც არ იქნება ამოღებული იუნესკოს სიიდან, ის რჩება საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში გელათთან ერთად. არ ვცდილობ გაყოფის პროცესის დაჩქარებას, რადგან, პრაქტიკულად, ეს ნიშნავს, ბაგრატის იუნესკოს სიიდან ამოღებას, ამიტომ საჭიროა, ჯერ კარგად მომზადდეს შემდგომი ნაბიჯი, რომელიც ამ ძეგლს ხელახლა დააბრუნებს იუნესკოს სიაში. დავაყენებთ ინიციატივას მცხეთის ძირითად სიაში დაბრუნებასთან დაკავშირებით. შარშან დავესწარი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის სხდომას, სადაც საქართველომ ძალიან პოზიტიური შეფასება მიიღო მცხეთასთან მიმართებაში. მოგეხსენებათ, ჩვენ სამი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გვაქვს და, სამწუხაროდ, აქედან ორი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში იმყოფება. ესენია მცხეთა და გელათ-ბაგრატის კომპლექსი. გელათთან დაკავშირებით ასევე გამოითქვა პოზიტიური შეფასება, თუმცა ბაგრატთან მიმართებაში უფრო რთულადაა საქმე. გამომდინარე იმ მემკვიდრეობიდან, რომელიც ჩვენ გვერგო. მივიღეთ დაპირება, რომ თუ ბაგრატი ვერ შენარჩუნდება იუნესკოს ნომინაციაში იმ სახით, როგორითაც დღეს არის წარმოდგენილი, ჩვენ ერთობლივად ვიმუშავებთ ახალ ნომინაციაზე, რომლის ფარგლებშიც ბაგრატის აღდგენა მოხერხდება იუნესკოს სიაში“,- განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები