კულტურის მინისტრი: არაფერს ვაკეთებთ იმაზე მეტს, რასაც ეს უწყება ჩემს გამინისტრებამდე აკეთებდა
არაფერს ვაკეთებთ იმაზე მეტს, რასაც ეს უწყება ჩემს გამინისტრებამდე აკეთებდა, – აღნიშნული განცხადება კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გაზეთ „პრაიმტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
მინისტრმა მისი მისამართით გამოთქმული ყველა ბრალდება უარყო და შეურაცხმყოფელი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი უწოდა.
მისივე მტკიცებით, არასამთავრობო ორგანზიაციების მიერ დასახელებულ კომპანიებთან მას არანაირი ფინანსური, და არც წილობრივი, ინტერესი არ გააჩნია.
„ჩემი მინისტრად დანიშვნისთანავე, ყველა პროცედურა, რომელსაც კანონი ითვალისწინებდა, ზედმიწევნით დავიცავი. შესაბამისად, არანაირი, არც ფინანსური და არც წილობრივი, ინტერესი ზემოაღნიშნულ კომპანიებთან არ გამაჩნია.
არაერთხელ მომიწია ამ შანტაჟურ სპეკულაციაზე პასუხის გაცემა. არც სკეპტიკოსების მოლოდინი, რომ კულტურის სამინისტრო ჯაზის სამინისტროდ გადაიქცეოდა, არ გამართლდა, რადგან ამ მუსიკალურ ჟანრთან მიმართებაში არაფერს ვაკეთებთ იმაზე, მეტს, რასაც ეს უწყება ჩემს გამინისტრებამდე აკეთებდა.
ნებისმიერ შეკითხვაზე მაქვს აბსოლუტურად არგუმენტირებული პასუხი, ნუ, ენას ძვალი არ აქვს. არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან წამოჭრილი საკითხები ხელოვნურად არის დაკავშირებული ჩემთან და სამინისტროსთან. ცალკეული ფაქტები არის დამახინჯებული და კონტექსტიდან ამოგლეჯილი. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ მსგავსი ბრალდებები შეურაცხმყოფელია და ინსტიტუციის დისკრედიტაციას ემსახურება“, – განაცხადა გიორგაძემ.
მისივე თქმით, სამინისტროში პროექტების დაფინანსება საქართველოს კანონმდებლობისა და დადგენილი პროცედურების სრული დაცვით ხდება.