16-მდე მე-12 კლასელი დიზენტერიით დაავადდა – ეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა რესტორან „ბერმუხას“

რუსთავში მასობრივი ინტოქსიკაციის ფაქტი დაფიქსირდა. სამედიცინო დაწესებულებას ერთნაირი სიმპტომებით 16-მა მე-12 კლასელმა მიმართა.
როგორც გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს, კვლევის შედეგების მიხედვით, მასობრივი ინტოქსიკაციის მიზეზი შიგელას ჯგუფის ბაქტერიაა, რომელმაც ბავშვებში დიზენტერია გამოიწვია.
ჯერჯერობით უცნობია, საიდან მოხვდა ბავშვებისა და მშობლების ორგანიზმში ბაქტერია შიგელა.
საკვების სინჯები უკვე აღებულია და პასუხები, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში იქნება.
ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, რესტორან „ბერმუხას“ , სადაც მოზარდებმა სკოლის დამთავრება აღნიშნეს, თუ საკონდიტროს, რომლის ნამცხვრებიც მათ რესტორანში შეიტანეს.
მშობლები მთელ პასუხისმგებლობას რესტორანს აკისრებენ, თუმცა დასკვნა, რომელიც რესტორნის ბრალეულობას დაასაბუთებს, არ არსებობს.
„ორშაბათს ბანკეტი გვქონდა. მეორე დღეს ბავშვების ნაწილი ექსკურსიაზე წავიდა. ჩემი შვილი არ წასულა, არც მე წავსულვარ. იმ დღესაც ცუდად იყო, მეორე დღეს დაეწყო სიცხე, გულისრევა. ძალიან ცუდად იყო და ვიეჭვე, რომ მოწამვლა იყო. საავადმყოფოში წავედით და აღმოჩნდა, რომ ჩვენ მეექვსე პაციენტი ვიყავით. ბავშვები სისტემატურად შედიოდნენ მოწამვლის სიმპტომით. ოთხ კლასს ჰქონდა ბანკეტი „ბერმუხაში“ და ის ბავშვები არიან. დაახლოებით 16 ბავშვია.
40 სიცხე, სპაზმური ტკივილები, საშინელი ფაღარათი და თითქმის გონების დაბინდვა. მიზეზი არავინ იცის, შეიძლება არის წყალი, ან ტორტი“, – აცხადებს მშობელი.
გამოცემასთან საუბრისას რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ინფექციური განყოფილების გამგე ნანა გელაშვილი ამბობს, რომ ყველა პაციენტი გაწერილია და ყველას დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა აქვს.
„პრაიმტაიმი“ მოსწავლეების მოწამლვის ფაქტთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსს, ხათუნა ზახაშვილსაც დაუკავშირდა, რომელმაც განმარტა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოდან ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზების პასუხს ელოდება.
„დიზენტერიის გადაცემის გზები არის საკვების დაბინძურება. როდესაც ასეთ მასობრივ მოწამლვასთან გვაქვს საქმე, როგორც წესი, დაკავშირებულია საკვების დაბინძურებასთან, ასევე არ არის გამორიცხული კონტაქტის გზით გადადება, როცა არ დაიბანს ერთი ადამიანი ტუალეტით სარგებლობის დროს ხელებს და მოხდება მის მიერ სხვა საგნების დაბინძურება, რომელსაც შეეხება მეორე ადამიანი და ამ სახითაც შეიძლება გავრცელდეს. როცა ბევრი ადამიანი ხდება ავად, სავარაუდოდ, საკვების დაბინძურება მოხდა ვიღაცის დაუდევრობის გამო.
ეს ადამიანები იკვებებოდნენ რესტორანშიც და რესტორნის გარეთაც, მერე იგივე საკვებით გააგრძელეს კვება. ამ ადამიანებმა შესაძლოა, აალაგეს საკვები და შესაძლებელია, შეინახეს არასათანადო პირობებში და ამ დროს ჰიგიენურად დაბინძურდა“,- განაცხადა ზახაშვილმა.
დიზენტერია ინფექციური დაავადებაა, რომელიც, ძირითადად, კვებისა და პირადი ჰიგიენის დაუცველობის გამო ვითარდება. ამ დაავადებას მსხვილი ნაწლავის დაზიანება და ორგანიზმის ზოგადი ინტოქსიკაცია ახასიათებს.
ინფექცია ვრცელდება ფეკალურ-ორალური გზით -დაბინძურებული საკვების, წყლისა და საყოფაცხოვრებო ნივთების მეშვეობით.
რესტორან „ბერმუხას“ მენეჯერი“ გიორგი ბარამიძე განმარტავს, რომ უვნებლობის სამსახურმა ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოაჩინა.
„ბავშვებმა საკვები წაიღეს მეორე დღეს ექსკურსიაზე და შეიძლება სწორედ ამას გამოეწვია ინტოქსიკაცია. ჩვენ ვყიდულობთ საკვებ ნედლეულს, რომელიც ჩვენს სამზარეულოში მზადდება. ყველა პროდუქტი იყო საკვებად ჯანსაღი“,- განაცხადა რესტორნის მენეჯერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები