თსუ-ს კანცლერობის კანდიდატი – უნივერსიტეტში ბიუჯეტის გამჭვირვალობის ხარისხი ძალიან დაბალია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატი ვახტანგ ანთია მიიჩნევს, რომ უნივერსტეტის ბიუჯეტი, საზოგადოებისთვის, არასაკმარისად გამჭვირვალეა. მთავარ პრობლემად ის ინფორმაციის ნაკლებობას ასახელებს და აცხადებს, რომ ფინანსების ხარჯვის პრიორიტეტები შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ იყოს.
„83 მილიონ 954 ათასი ლარია უნივერსიტეტის ბიუჯეტი, რომლის გამჭვირვალობის ხარისხიც ძალიან დაბალია, ერთადერთი ლეგიტიმური წყარო, საიდანაც დაინტერსებულ პირს ბიუჯეტზე ინფორმაციის მიღება შეუძლია, ეს უნივერსიტეტის ვებგვერდია, რომელზედაც 2013 -2016 წლების ბიუჯეტი საერთოდ არ იძებნებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მე ერთ-ერთ შეხვედრაზე ეს საკითხი გავაჟღერე, მათ გამოასწორეს ეს ხარვეზი. მაინც უნდა ითქვას ისიც, რომ თითქმის 94-მილიონიანი ბიუჯეტი 3 გვერდ-ნახევარზეა წარმოდგენილი. მგონი, თქვენთვისაც გასაგებია, თუ როგორ შეიძლება იქონიონ წარმოდგენა ხარჯვითი ნაწილის პრიორიტეტებზე დაინტერესებულმა ადამიანებმა: სტუდენტებმა, აკადემიურმა პერსონალმა, მეცნიერ-მკვლევარებმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა. ეს ტრადიცია გრძელდება წლების მანძილზე და ამის გამოა, რომ ეს პროცესი არ არის გამჭვირვალე. წლების მანძილზე ვიწრო პრივილეგირებულ ჯგუფს ჰქონდა მხოლოდ შესაძლებლობა, რომ ბრაზილიიდან ყავის მარცვლები „დიეჩელით“ გამოეწერა. რამდენად ემსახურება უნივერსიტეტის ბიუჯეტი, მისი მიზნებიდან გამომდინარე, მისიებისა და ამოცანების შესრულებას, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, იმ უბრალოდ მიზეზის გამო, რომ არ არსებობს კონკრეტული ინფორმაცია“,- განაცხადა ანთიძემ.
„კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას, მან ისიც განაცხადა, რომ კანცლერობის სხვა კანდიდატები ამ საკითხზე საუბარს თავს არიდებენ, ანთიას განცხადებით, მათი უმეტესობა უნივერსიტეტში დღესაც საკვანძო პოზიციებზე იმყოფება და, სავარაუდოდ, არ სურთ ცვლილებები.
„დავდივარ და ვიხვეწები, რომ მომცენ შესაძლებლობა, რომ ჩემი კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის ძირითადი საკვანძო მომენტები პირდაპირ უშუალო ფორმატში გავაცნო აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს. როგორც ჩანს, არის ისეთი პრობლემებიც, რომლის გამოაშკარავებაც იმ ადამიანებს, ვინც არიან ამ სისტემის არქიტექტორები, არ აწყობთ. ამას მოწმობს ის პრობლემებიც, რომლებიც მე შემიქმნეს“,- განაცხადა ანთიამ.
მისივე განცხადებით, 24 ივნისს, დღის 4 საათზე, ჰუმანიტარულ მეცნერებათა ფაკულტეტის სტუდენტებთან მას შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი. შეხვედრა უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან და რექტორთანაც შეთანხმებული იყო, თუმცა გაუგებარი მიზეზების გამო იმ აუდიტორიაში, სადაც შეხვედრა უნდა გამართულიყო, კონფერენცია გაიმართა, რექტორმა კი, მისი განცხადებით, მაინცდამაინც ამ დღეს მოიწვია აკადემიური საბჭო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები