თსუ-ს კანცლერობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ ნორმები, რომლითაც რექტორი და კანცლერი უნდა აირჩეს, პრობლემატურია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატი ვახტანგ ანთია მიიჩნევს, რომ ის მარეგულირებელი ნორმები, რომლითაც სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და კანცლერი უნდა აირჩეს, პრობლემატურია.
„კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე მან კანცლერის არჩევნების გადადების სავარაუდო მიზეზებზეც ისაუბრა.
„რთულია ცალსახა პასუხის გაცემა იმ კითხვაზე, თუ რატომ გადაიდო არჩევნები. ახლად არჩეულ აკადემიურ საბჭოში აზრი ორად გაიყო – ერთ ნაწილს, რომელიც, საბედნიეროდ, უმცირესობაში აღმოჩნდა, სურდა, რომ უნივერსიტეტის კანცლერი 15-კაციან საბჭოს ფორმატში აერჩიათ. რაც შეეხება მეორე ნაწილს, რომელიც უმრავლესობა აღმოჩნდა, მათ ჩათვალეს საჭიროდ, რომ დალოდებოდნენ კანონში შეტანილ ცვლილებას და კანცლერის არჩევნები ჩატარებულიყო აკადემიური საბჭოს გაფართოებული ფორმატით. კერძოდ, 7 ფაკულტეტიდან, 2-ის ნაცვლად, თითო წარმომადგენელი დაემატა და თითო წარმომადგენელი დაემატა შემოერთებული ინსტიტუტებიდან. მიზეზი ეს არის.
ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, დაახლოებით 37-38 -კაციან საბჭოზეა საუბარი, რომელმაც უნდა აირჩიოს რექტორი და კანცლერი 4 წლის ვადით, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა იმ მარეგულირებელი ნორმის, რომლითაც განსაზღვრულია რექტორისა და კანცლერის არჩევის წესი. მხედველობაში მაქვს ის, რომ უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი აირჩია დაახლოებით 150-მა აკადემიურმა პერსონალმა. საუბარია უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელზე, რომელმაც ეს ფუნქცია 3-4 თვის განმავლობაში უნდა შეასრულოს. რაც შეეხება კანცლერს და რექტორს, რომელიც უნდა იქნეს არჩეული 4 წლის ვადით, ამას, დღევანდელი მდგომარეობით, 15 კაცი ირჩევს, ანუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ლეგიტიმაციის საარჩევნო ხარისხი თითქმის 100-ჯერ მეტია, ვიდრე დროებითი მოვალეობის შემსრულებლის“,- განაცხადა ანთიამ.
შეკითხვაზე, როდის შეიძლება ჩატარდეს კანცლერის არჩევნები, ანთიამ განაცხადა, რომ კონკრეტული ვადები ამ ეტაპზე განსაზღვრული არ არის. მისი განცხადებით, კანცლერის არჩევნების ჩატარებამდე აკადემიურ საბჭოში უნდა აირჩეს დამატებითი წარმოამდგენელი როგორც ფაკულტეტებიდან, ასევე შემოერთებული ინსტიტუტებიდან .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები