არ მიირთვათ სწრაფი კვების ობიექტებში საკვები – რა საფრთხეებზე საუბრობენ სპეციალისტები

საზოგადოებისთვის ინფორმაცია სწრაფი კვების პროდუქტების საფრთხის შემცველობაზე უცხო არაა.
სწრაფი კვების მავნებლობა სამ ძირითად ფაქტორს უკავშირდება. ამას ემატება ის არაჰიგიენური პირობები, სადაც ყველასათვის საყვარელი ლობიანი, ხაჭაპური, ჰამბურგერი, ან შაურმა მზადდება.
რამდენად იცავს სწრაფი კვების ობიექტები ჰიგიენურ ნორმებს, ამასთან დაკავშირებით გაზეთმა „პრაიმტაიმმა“ ექსპერიმენტი ჩაატარა და გაირკვა, რომ ობიექტების უმეტესობა ჰიგიენურ ნორმებს არ იცავს, მაშინ როდესაც, მათი მთავარი სამიზნე სტუდენტები არიან.
მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს მინიმალური ჰიგიენური სტანდარტების დაცვა.
კვების ექსპერტი ეთერ სარჯველაძე გამოცემასთან საუბრისას მთავარ პრობლემად სწრაფი კვების პროდუქტებში არსებულ დიდი ოდენობით ცხიმს მიიჩნევს.
„სწრაფი კვების ობიექტები ორიენტირებულები არიან მასზე, რომ მასში არის ცხიმების დიდი რაოდენობა და ეს ცხიმები ე.წ ტრანსცხიმები, გარკვეულ რისკს შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის. ამას ვერ ითვისებს ადამიანი ისე, როგორც ჩვეულებრივ ცხიმს, მაგალითად, კარაქის ცხიმს. იმ შემთხვევაში, როცა ჩვენ ვერ ვითვისებთ ამ ცხიმს, ის ჩვენს სისხლში ილექება, ანუ ე.წ უარყოფითი ქოლესტერინის წარმოქმნას უწყობს ხელს.
სწრაფი კვების ობიექტებში ბევრია ნახშირწყლები. ნახშირწყლები კი არის ენერგეტიკული საშუალება, მაგრამ სიჭარბე არ ვარგა. ნახშირწყლები გარდაიქმნება ცხიმში. რაც გემრიელია, ყველაფერი სასარგებლო არ არის,- განაცხადა ექპერტმა.
სტატიის თანახმად, ხშირად სწრაფი კვების ობიექტების თემასთან დაკავშირებით მკაცრ რეკომენდაციას იძლევიან. „არ მიირთვათ სწრაფი კვების ობიექტებში საჭმელი“,- ეს კატეგორიული რეკომენდაცია არაეფექტურია და პრობლემას ვერ აგვარებს.
სწორედ ამიტომ, გამოცემა სურსათის ევროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს ინსპექტორ ეკა ნანობაშვილს ესაუბრა და აღნიშნულთან დაკავშირებით რეკომენდაციები მოისმინა:
„სწრაფი კვების ობიექტში პირველი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, ეს არის შენობა, ანუ ის ფართი, სადაცაა განთავსებული სარეალიზაციოდ გამოტანილი სურსათი.
მზა კერძები, რომლებიც შეიძლება დამზადებული იყოს ფრინველის, საქონლის ხორცისგან, ბოსტნეულისგან, უნდა ინახებოდეს სათანადო ტემპერატურაზე. ცხელი კერძები კი აუცილებლად ე.წ. თერმოჭურჭელში. მთავარია მივაღწიოთ იმას, რომ ტემპერატურა იყოს შენარჩუნებული.
ყველა მაცივარში უნდა იყოს თერმომეტრი, თუ მომხმარებელს აინტერესებს, უნდა მოითხოვოს, ჰკითხოს რეალიზატორს და ის აუცილებლად გასცემს პასუხს, თუ ის იძენს საქონლის ხორცისგან დამზადებულ მზა კერძს, რომელიც ნედლი ხორცისგან არის დამზადებული, მას შეუძლია მოითხოვოს ფორმა #2.
შემდეგი ეს არის შემადგენლობა და ეტიკეტირება, რომელიც ყველა კვების ობიექტს, რომელსაც მეტ-ნაკლებად ორგანიზებული სახე აქვს, უნდა ჰქონდეს.
თითოეული კერძის შემადგენლობა მომხმარებლისთვის თვალსაჩინო ადგილზე უნდა იყოს წარმოდგენილი, რომ, დაინტერესების შემთხვევაში, მომხმარებელი იღებდეს ინფორმაციას, გარდა ამისა, თითოეული კერძისთვის აუცილებლად უნდა იყოს გაწერილი ნებისმიერი მზა კერძის დამზადების თარიღი და მისი ვარგისიანობის ვადა. ამის შემდეგ უნდა მიექცეს ყურადღება ობიექტში არსებულ ჰიგიენურ მდგომარეობას, არის თუ არა ის კონტეინერები, სადაც სურსათია ჩალაგებული, სუფთა მდგომარეობაში, ინვენტარი, კოვზები, ჩანგლები, რომლითაც ხდება ამ სურსათის აღება, არის თუ არა პერსონალი სუფთად ჩაცმული.
იმ შემთხვევაში სასურველია, თუ ობიექტი არ იქნება განთავსებული გზის პირას, იმიტომ რომ გზიდან შაურმისთვის განკუთვნილ ღია ფანჯრებში მტვერი აღწევს. უნდა დავაკვირდეთ, არის თუ არა ახალი დაჭრილი ის ბოსტნეული, რომელიც საჭიროა შაურმის მოსამზადებლად. მაგალითად, პამიდორი, ხახვი, კიტრი, მწვანილი და ა.შ.
უნდა დავაკვირდეთ, ის ხორცი, რომელიც შამფურზე იწვება, როგორ არის შემწვარი. თუ ხორცი არ არის სრულყოფილად შემწვარი, მის შეძენას თავი უნდა ავარიდოთ. ზოგადად, ზაფხულის ცხელ პერიოდთან დაკავშირებით ყოველ ზაფხულს ვაკეთებთ განცხადებას, თუ ასეთი პირობები არ არის დაცული საკვებ ობიექტებში, პროდუქტის შეძენას უნდა მოვერიდოთ, განსაკუთრებით ეს ეხება მაიონეზიან სალათებსა და ფრინველის, საქონლის ხორცისგან დამზადებულ კერძებს“,- განაცხადა ნანობაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები