პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ჰოლივუდის ლოკაციის მენეჯერებმა საქართველოში ვიზიტი დაასრულეს

საქართველოს ერთი კვირის განმავლობაში კინოგადაღებების კუთხით ქვეყნის პოტენციალის შესასწავლად ჰოლივუდის ცნობილი ლოკაციის მენეჯერები და პროდიუსერები სტუმრობდნენ.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, წამყვანმა პროდიუსერებმა საქართველოში ვიზიტი ბათუმის მონახულებით დაასრულეს. ლოკაციის მენეჯერების საქართველოთი დიდი დაინტერესება მოჰყვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და ქართველი საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლების მონაწილეობას აშშ-ში, ლოს-ანჯელესში გამართულ მსოფლიო დონის ლოკაციების შოუზე, სადაც მოხდა ქვეყნის წარმოჩენა და ახალი კინოწარმოების წახალისების პროგრამის პრეზენტაცია.
ცნობილი ჰოლივუდელი კინომწარმოებლების წარმომადგენლები, რომლებსაც ისეთ ფილმებზე აქვთ ნამუშევარი, როგორებიცაა : „Transformers”, “Captain America”, “The Town”, “The Hangover”, „Sicario”, “Mission:Impossible”, კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში 20-დან 26 ივნისის ჩათვლით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს ათვალიერებდნენ და ერთი კვირის განმავლობაში თბილისი, რუსთავი, კახეთი, მცხეთა, ყაზბეგი, უფლისციხე, წყალტუბო, ზუგდიდი და მესტია, ასევე ანაკლიაც მოინახულეს. სწორედ აღნიშნული პირების რეკომენდაციაზეა დამოკიდებული ქვეყანაში ახალი ფილმების შემოსვლა, მათი შთაბეჭდილება კი საკმაოდ პოზიტიურია და საქართველოთი დაინტერესებაც დიდია.
ჰოლივუდის დელეგაციას პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ განმახორციელებელი უწყება – სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან ერთად მასპინძლობდა და ქვეყნის შესაძლებლობებს, ასევე სხვადასხვა მომხიბვლელ და მათი ინტერესის სფეროს გათვალისწინებით შესაბამის ლოკაციებს აცნობდა.
ამასთანავე, ვიზიტის ფარგლებში ქართველ კინომწარმოებლებსა და სხვადასხვა ქართული საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ უცხოელ კოლეგებს შეხვედროდნენ და მათი გამოცდილება გაეზიარებინათ, ასევე მათთვის გაეცნოთ
ქართული კინოს შესაძლებლობები და არსებული ინფრასტრუქტურა, რაც საქართველოს აღმოსავლეთ ევროპის გადასაღებ ცენტრად ქცევის ყველანაირ შესაძლებლობას იძლევა.
აღსანიშნავია, რომ პროგრამისადმი „გადაიღე საქართველოში“ ინტერესი საკმაოდ მაღალია და მეწარმეობის განვითარების სააგენტოში, რომელიც ახორციელებს აღნიშნულ პროგრამას, უკვე შემოსულია 3 განაცხადი, რომლის შედეგადაც საქართველოში ჯამურად 5 700 000 ლარამდე თანხა დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს ინდური ფილმისა და ქართულ-გერმანული პროექტების გადაღებები, ხოლო დაგეგმილია ამერიკული პროექტის განხორციელება. ამასთანავე, სხვადასხვა საერთაშორისო პროდიუსერთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები დამატებით რამდენიმე ფილმის გადაღებებზეც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები