პატრიარქი: ყოველი ჩვენგანი უნდა შეევედროს ყოველთა წმინდათა, რათა მშვიდობა იყოს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს ყოველთა წმინდათა დღე მიულოცა და იმ ხატის ისტორია გაიხსენა, რომელიც მის მშობლებს ეკუთვნოდა.
„დღეს არის ყოველთა წმინდათა დღესასწაული. ეს არის ზეიმი ცათა და ქვეყანისა. ყველა ზეიმობს როგორც სასუფეველში, ისე დედამიწაზე, ამიტომ ყოველი ჩვენგანი უნდა შეევედროს ყოველთა წმინდათა, რათა მშვიდობა იყოს. თქვენს წინაშე დასვენებულია საქართველოს დიდების ხატი. ეს ხატი არის ჩემი მშობლების ხატი.
მე დაბადებულიც არ ვიყავი, როდესაც ეს ხატი ჩემს ოჯახში იყო და ყოველ დილა-საღამოს ჩემი მშობლები და ოჯახის წევრები ლოცულობდნენ ამ ხატის წინაშე. რამდენი წმინდანიც არის ხატზე, იმდენ მუხლს მოიყრიდა მამაჩემი და შეევედრებოდა მშვიდობას და სიკეთეს.
ეს ხატი განსაკუთრებულია იმითაც, რომ მე მყავს გარდაცვლილი უფროსი ძმა თეიმურაზი. როცა ის ავად იყო და იწვა ლოგინში, დამიძახა მე და მეუბნება, ირაკლი, შეხედე ვინ მოვიდა ჩვენთანო. ვინ მეთქი და წმინდა ნინოო. წმინდა ნინო გამოეცხადა მას გარდაცვალების წინ. ძმა გამომეცხადა მე და ვკითხე, ლოცულობ ჩემთვის მეთქი და მითხრა, ვლოცულობო. მაჩვენა ამ ხატზე და თქვა, რომ ეს ხალხი, ეს ეზო, ყველა ლოცულობსო“, – ბრძანა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები