“ახალგაზრდების ჩართულობა ქვეყნის განვითარებაში არის პრინციპულად მნიშვნელოვანი”

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. მან საქართველოს ეკონომიკაში ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო მიმართულებების პროფესიონალების როლზე ისაუბრა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სონია შარიგიანი და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-დეკანი საქართველოში ჰალილ გუვენი. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდა მიხეილ ზიბზიბაძე, ენერგეტიკით დაინტერესებული სტუდენტური ფონდის მმართველი საბჭოს ხელმძღვანელი. ეს ფონდი, რომელიც კახა კალაძის ინიციატივით შეიქმნა, სტუდენტების მიერ წარმოდგენილ პროექტებს აფინანსებს, რაც თავის მხრივ, დამატებითი სტიმულია დარგში ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობისთვის.
“რამდენიმე დღის წინ, გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ათასწლეულის განვითარების ფონდსა და სან-დიეგოს უნივერსიტეტთან. ეს არის მნიშვნელოვანი მიმართულება. ვფიქრობ, ახალგაზრდების ჩართულობა ქვეყნის განვითარებაში არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ჩვენ – ყველამ, მთავრობის წევრებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ახალგაზრდების როლი გაიზარდოს ქვეყნის განვითარებასა და მიმდინარე პროექტების განხორციელებაში”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ქვეყანაში ენერგეტიკა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება.
“არამარტო საქართველოში, არამედ, ზოგადად, მსოფლიოში ენერგეტიკას, ენერგეტიკულ პროექტებს განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა აქვს. ხშირ შემთხვევაში, ზოგი ქვეყანა ენერგეტიკას პოლიტიკურ იარაღადაც კი იყენებს”, – აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები