ექსპერტი: ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა მსოფლიო ეკონომიკის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის

ეკონომიკის ექსპერტის ირაკლი ზარქუას განცხადებით, დიდი ბრიტანეთის სურვილი, დატოვოს ევროკავშირი, მსოფლიო ეკონომიკის სტაბილურობას საფრთხეს შეუქმნის.
ექსპერტის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა დაფიქსირდა და გამართლდა რეფერენდუმის შედეგების ძალიან ცუდი ვარიანტი.
“ეს ძალიან ცუდია ცივილიზებული სამყაროსთვის, ევროკავშირისთვის. ბუნებრივია, ამან მყისიერი ასახვა ჰპოვა გლობალურ ეკონომიკაზე. ბრიტანული ფუნტი 13%-მდე გაუფასურდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ლონდონის საფონდო ბირჟაზე უკვე მოხდა 8%-იანი ვარდნა, რაც ასევე რეკორდულია. მნიშვნელოვანი გავლენა იქონია აზიის საფონდო ბირჟაზეც. “ნოკიას” საფონდო ინდექსმა 9%-იანი ვარდნა განიცადა. სავარაუდოდ, ეს ყველაფერი მომავალშიც, ყოველ შემთხვევაში მოკლე პერიოდში, ალბათ, გაგრძელდება”, – განუცხადა ზარქუამ “პირWელს”.
მისი თქმით, ბრიტანეთი მნიშვნელოვანი მონაწილე იყო მსოფლიო ეკონომიკის სტაბილურობაში და მისი ევროკავშირიდან გასვლა რყევებს გამოიწვევს.
“თქვენ იცით, რომ საქართველო მცირე, თუმცა ღია ეკონომიკური ქვეყანაა, რომელიც დაკავშირებულია მსოფლიო რყევებთან. გვაქვს მცურავი გაცვლითი კურსი და გარე ფაქტორები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მასზე. ამ ფაქტორებმა განაპირობა ის, რომ დოლარის მოთხოვნა გაიზარდა მსოფლიოში. საქართველოშიც გაიზარდა კერძო სექტორის მიერ დოლარის შესყიდვები და ამას თან დაერთო ისიც, რომ საგარეო ვალს ფარავს ქვეყანა. რაც შეეხება მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, აპრილის თვეში 4.3.%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გვქონდა.
პირველი კვარტლის მონაცემებით, საშუალო შეწონილობა 2.8%-ია. მნიშვნელოვანი წარმატებები გვაქვს ექსპორტის დინამიკის ზრდასთან მიმართებაში. ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი გაუმჯობესებულია, თუმცა ეს საგარეო ფაქტორები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გავლენა სახეზე გვაქვს”, – განაცხადა ზარქუამ.
შეგახსენებთ, რომ რეფერენდუმის შედეგებით, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 52% – მა ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი. ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცის განცხადებით, ევროკავშირი უფლებას არ მისცემს ბრიტანეთს, საერთო ბაზრით ისარგებლოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები