დავით საგანელიძე: ე.წ. დუტის ქურთუკების საწარმოს შექმნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია
საქართველოში ე.წ. დუტის ქურთუკების ფაბრიკა გაიხსნება, თუმცა მის ასაშენებლად კონკრეტული ადგილი ჯერჯერობით არ არსებობს.
საქმე ეხება ე.წ. დუტის ქურთუკების ფაბრიკას, რომელიც არის ჩინეთის პროვინცია ძიანგსში და რომელიც განკუთვნილია ბრენდების მიერ შეკვეთილი პროდუქციის წარმოებისთვის.
აღნიშნულის შესახებ “საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განმარტებით, ძიანგსში არსებული ფაბრიკა ჩინეთის მოსახლეობის 60%-ს აკმაყოფილებს და ასევე აქვს დიდი ექსპორტი უცხოეთში.
„სწორედ ამ ქარხნის წარმომადგენლობის გახსნაზეა საუბარი საქართველოში, რაც, ბუნებრივია, ბევრ ადამიანს დაასაქმებს და შექმნის საქართველოში სერიოზულ საექსპორტო პოტენციალს“, – განაცხადა დავით საგანელიძემ და აღნიშნა, რომ
ფაბრიკისთვის კონკრეტული ადგილი ჯერჯერობით შერჩეული არ არის.
დავით საგანელიძის ინფორმაციით, საუბარია თბილისის შემოგარენში რუსთავის მიმართულებით რამდენიმე ტერიტორიაზე და მიმდინარეობს სწორედ ადგილის შერჩევა.
„საუბარია, რომ საქართველოში შეიკეროს ის ქურთუკები, რომელსაც ამ ქარხანას უკვეთავს ძალიან მსხვილი ბრენდები. მე არ მინდა ისინი ჩამოვთვალო, ყველამ ვიცით და გვინახავს, ეს ბრენდები უკვეთენ ქარხანას და შემდგომ გააქვთ ევროპაში. სწორედ ასეთი ბრენდების შეკვეთილი პროდუქციის წარმოებისთვის შეიქმნება ქარხანა საქართველოში“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.
მისივე განცხადებით, გადაწყვეტილება საწარმოს შექმნასთან დაკავშირებით მიღებულია, მაგრამ დარჩენილია მხოლოდ კონკრეტული თემა, თუ რომელი მხარის მიერ რამდენი თანხა იქნება გაღებული.
“მთავარია, რომ ჩვენი მონაწილეობა დაფიქსირდეს, როგორც სახელმწიფოსი. შეიძლება ფონდმა დიდი ინვესტიციები არ განახორციელოს, თუმცა მისი ყოფნა თუნდაც 10%-ით იქნება მნიშვნელოვანი ჩინური მხარისთვის“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.