რუსი ექსპერტები აცხადებენ, რომ თურქეთისთვის დაწესებულ სანქციებს მის ეკონომიკაზე გავლენა არ მოუხდენია
რუსეთის მიერ თურქული საქონლის იმპორტზე დაწესებულმა შეზღუდვებმა იმ მიზნებს ვერ მიაღწია, რასაც მოსკოვში გეგმავდნენ, ამის შესახებ რუსეთის სახალხო მეურნეობის და სახელმწიფო მართვის აკადემიის სპეციალისტები აცხადებენ. ამ დასკვნის მიხედვით, ყველაზე მეტად თურქეთში კიტრის მწარმოებლები დაზარალდნენ, რომლებმაც სხვა ქვეყნებში პროდუქციის გადამისამართება ვერ შეძლეს.
რაც შეეხება პომიდვრის და სხვა ბოსტნეულის წარმოებას, მათი უდიდესი ნაწილის გაყიდვა მწარმოებლებმა აზერბაიჯანსა და ბელორუსიაში დაიწყეს. სპეციალისტების შეფასებით, რუსეთში თურქული საქონლის შეტანის აკრძალვამ ფასების ზრდა გამოიწვია. განსაკუთრებით ეს ზამთრის პერიოდში შეინიშნება, როდესაც საკუთარი პროდუქცია რუსეთს არ გააჩნია. თურქულ პროდუქციაზე ემბარგოს დაწესების გადაწყვეტილება რუსეთმა გასული წლის ბოლოს, მას შემდეგ მიიღო, რაც თურქულმა ავიაგამანადგურებელმა სირიის საზღვრის სიახლოვეს რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდო.