საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დღეს გაიმართება

საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის რიგით მე-9 შეხვედრა თბილისში გაიმართება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ქართული მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო, მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის, ასევე სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
”მხარეები განიხილავენ საქართველოში დემოკრატიული რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესს, მათ შორის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, პოლიტიკური პლურალიზმის, მედიის თავისუფლების და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიმართულებით.
შეხვედრის მონაწილეები ისაუბრებენ აგრეთვე საჯარო მოხელეების პროფესიონალიზმისა და შესაძლებლობების განვითარების, მთავრობის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდის, კორუფციასთან და ტრეფიკინგთან ბრძოლის საკითხებში მიმდინარე რეფორმებზე. განხილულ იქნება თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მიზნით საქართველოს ხელისუფლების ქმედებები”, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, ჯგუფს ქართული მხრიდან უხელმძღვანელებენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე. აშშ-ს მხრიდან შეხვედრის თანათავმჯდომარეები იქნებიან ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბობ ბერშინსკი, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში USAID-ის ადმინისტრატორის თანაშემწე თომას მელია და სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპასა და ევრაზიაში აშშ-ს დახმარების კოორდინატორი ალინა რომანოვსკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები