ეკა ბესელია: საპარლამენტო არჩევნები ჩაივლის დემოკრატიულ პრინციპებთან სრულ შესაბამისობაში

საქართველო იმყოფება დემოკრატიული ინსტიტუტების ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების გზაგასაყარზე, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ოპოზიციაში იმყოფებოდა და უამრავი პრობლემის მომსწრე გახდა, როგორიცაა აგრესიული და ძალადობრივი გარემო ყოფილი მმართველი პარტიისგან.
“ადამიანის უფლებათა დაცვა ყოველთვის იყო ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის უმაღლესი პრიორიტეტი და ახლა, როდესაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უკვე დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია, მთავრობა იღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ არჩევნები ჩატარდეს ყველაზე მშვიდობიან, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში, ვიდრე ოდესმე ჩატარებულა ჩვენი ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.
ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ თავიდან ავირიდოთ მსგავსი ძალადობა მომავალში. ჩვენ ვუზრუნველყოფთ ყველა პარტიისთვის აბსოლუტურად პლურალისტურ, სამართლიან და მშვიდობიან საარჩევნო გარემოს.
ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ უკვე მივიღეთ ათობით შესწორება შესაბამის კანონმდებლობაში, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, პრევენციის და სასჯელის გამკაცრებისთვის ძალადობის ნებისმიერი სახის გამოვლინებასთან დაკავშირებით საარჩევნო უბანზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მთავრობა არ იქნება ტოლერანტული მსგავსი ტიპის მოძალადეებთან“,-განაცხადა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, ვერც ერთი ქვეყანა ვერ იქნება აბსოლუტურად იდეალური ან დაზღვეული რაიმე სახის ინციდენტებისგან, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, რომლის დროსაც დაძაბულობა ისედაც მატულობს, მაგრამ მთავარი მიზანია, გვქონდეს შესაბამისი სამართლებრივი ინსტრუმენტები და პოლიტიკური ნება, რათა მივიღოთ ეს გამოწვევები.
„მმართველი პარტია არის გარანტი, რომ საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში ჩაივლის ძალიან გამჭირვალე და დემოკრატიულ პრინციპებთან სრულ შესაბამისობაში. ამ სურვილით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გვყავდეს ევროპის საბჭოს მაღალი დონის სადამკვირვებლო მისია ამ არჩვენების მონიტორინგისთვის.
“ქართულ ოცნებას” აქვს რეალისტური და ობიექტური, მოქალაქეთა დიდი უმრავლესობის მხარდაჭერის იმედი, რომ გააგრძელოს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, ვებრძოლოთ ჩვენს მთავარ ოპონენტს – სოციალურ პრობლემებს, უზრუნველყოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, გააგრძელოს მშვიდობის და ნდობის აღდგენა აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან, გააგრძელოს ადამიანის უფლებათა დაცვა და ჩემი ქვეყნის სამომავლო განვითარება“,-განცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები