დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენს ვალუტაზე წნეხი შემცირდა, ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა და ეკონომიკა წინ მიდის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე თავის მოხსენებაში 2015 წლის მაკროეკონომიკური პარამეტრები შეაჯამა და 2016 წლის პირველი კვარტლის შედეგებზე ვრცლად ისაუბრა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც არსებობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირების და უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის მატების მიმართულებით.
პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, 2016 წლის პირველი კვარტალში შემოვიდა 376 მილიონი დოლარი, რაც 103 პროცენტით მეტია 2015 წლის I კვარტალთან შედარებით. მისი განცხადებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ვალუტაზე წნეხი შემცირდა, ეს ნიშნავს, რომ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა და ეკონომიკა წინ მიდის. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ძალიან ბევრ საერთაშორისო რეიტინგში – ბიზნესის კეთების, საკუთრების უფლების, ბიზნესის თავისუფლებისა და კონკურენტუნარიანობის მხრივ – ყველა მიმართულებით გვაქვს გაუმჯობესება.
მოხსენებაში ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებულად გაამახვილა ყურადღება მსოფლიო ბანკის კვლევაზე, რომელიც საქართველოში სიღარიბის მდგომარეობას შეეხება. კვლევის მიხედვით, იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც არა აქვთ შესაძლებლობა დღეში თავის თავზე 2.5 დოლარზე მეტი დახარჯონ, 2012 წელს იყო 1,900,000. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „ახალი ხელისუფლების პირობებში ამ ზღვარს 490,000-მა ადამიანმა თავი დააღწია. თუმცა დღეს კვლავ არის დარჩენილი 1,400,000 ადამიანზე მეტი, ვისაც არა აქვს შესაძლებლობა. 2,5 დოლარზე მეტი დახარჯოს თავის თავზე“. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მათი რაოდენობა, რომლებმაც სიდუხჭირეს დააღწიეს თავი, პირდაპირ პროპორციულადაა დაკავშირებული დასაქმებასა და ხელფასების ზრდაზე.
„მე პირდაპირ შემიძლია განვაცხადო, რომ წინა ხელისუფლება არა მარტო ძალადობდა ამ მოსახლეობაზე, არამედ აშიმშილებდა მას. ძალადობდა და აშიმშილებდა,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. მისი შეფასებით, უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური პოლიტიკა, რომელმაც უზრუნველყო ის, რომ დღეს რეალურად 490 ათასი ადამიანი აღარ არის უკიდურესად გაჭირვებული.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა მთავრობის სამომავლო გეგმებზე, აგრეთვე ბიზნესის დამოკიდებულებაზე მთავრობის საქმიანობასა და გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე. ამის დასტურად, დიმიტრი ქუმსიშვილმა მოიყვანა ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის „ბიზნესის ნდობის ინდექსი“, რომელიც 2016 წლის მეორე კვარტალს აფასებს.
აღნიშნული ინდექსით, ბიზნესის ნდობის მაჩვენებელი 30 პუნქტით მეტია 2015 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, რაც ნიშნავს კერძო სექტორის მოლოდინებისა და საგარეო ფაქტორების გაუმჯობესებას, აგრეთვე იმ პოზიტიურ შედეგს, რაც ლარის დასტაბილურებამ გამოიწვია ბიზნესის ნდობის გაძლიერებაში. აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან, ინდექსის კვლევის წარმოების დასაწყისიდან, ამ მაჩვენებელმა მაქსიმუმს მიაღწია.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული ინდექსი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს აქვს ჯანსაღი და ძლიერი ეკონომიკა, ადგილობრივი ბიზნესი კი იღებს გადაწყვეტილებას, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები.
მოხსენების შემდეგ, კონფერენციაზე გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც ბიზნესისა და ექსპერტული წრეების წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე გამოთქვეს მოსაზრებები და მოისმინეს მთავრობის შეხედულებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები