„პაატა ბურჭულაძე, „გირჩი“ და ვაშაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური სქემის ნაწილები არიან“

დღევანდელი ხელისუფლების ლოიალობა ქმნის იმის ცდუნებას, რომ საქართველოში იგივე განმეორდეს, რაც 2003 წელს და ძალიან რთული პოლიტიკური პროცესების წინაშე აღმოვჩნდებით, – ამის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების საბჭოს წევრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე მირიან მირიანაშვილი აცხადებს, რომელსაც 2003 წელს მიხეილ სააკაშვილმა პარტია წაართვა.
მირიანაშვილი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრობს. ამასთანავე, იგი გამოცემასთან ამბობს, რომ შემოდგომაზე 8 ოქტომბრის შემდეგ, მოვლენების განვითარებას 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ სცენარით ხედავს. მირიანაშვილის ინფორმაციით, 2016 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოში „ვარდების რევოლუციის“ სცენარი განმეორდება და სამივე პარტიის ლიდერები საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მხარდამჭერებს ქუჩაში საპროტესტო აქციებისთვის გამოიყვანენ.
მისივე თქმით, პაატა ბურჭულაძე, გიორგი ვაშაძე და „გირჩი“ მიხეილ სააკაშვილის სატელიტი პარტიები არიან.
„პაატა ბურჭულაძე ერთი ერთზე მიხეილ სააკაშვილის პროექტია და იმ ელექტორატის მობილიზება ევალება, რომელიც შესაძლოა, სააკაშვილის თავგადაკლული მომხრე არ არის, მაგრამ უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ამ ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილოა. რაც შეეხება ხაჩიძის „გირჩსა“ და ვაშაძეს, შემიძლია კატეგორიულად განვაცხადო, რომ ხაჩიძისა და ვაშაძის მომხრეები არ არსებობენ! პაატა ბურჭულაძე, „გირჩი“ და ვაშაძე არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური სქემის ნაწილები. მიზანი ერთია – 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მეორე დღეს „ნაცმოძრაობამ“, თითქოსდა, არჩევნების გაყალბების გასაპროტესებლად, ქუჩაში გამოიყვანოს სულ მცირე 15 ათასი კაცი! სააკაშვილი და მისი ხელის ბიჭები თავიანთ მომხრეებს აგულიანებენ, რომ დასავლეთი ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური რეპრესიების გატარებას არ მისცემს! ასევე იყო 2003 წელს, ე.წ. ვარდების რევოლუციის დროს – იმ ხუთმა თუ რვა ათასმა კაცმა, რომლებიც „ნაცებმა“ პარლამენტის შენობის წინ „დაამაგრეს“, მოსახლეობას შეუქმნა იმის განცდა, რომ შევარდნაძე მათთვის ხელის ხლებას ვერ ბედავდა. სააკაშვილმა, რომელიც საშინლად დაბნეული იყო და ხალხს თავისუფლების მოედანსა და „იმელის“ შენობას შორის დაატარებდა, მაშინვე შიკრიკები აფრინა რეგიონებში – ხომ ხედავთ, ხელისუფლება თითს ვერ გვაკარებს, შევარდნაძის ბედი გადაწყვეტილია, ჩამოდითო, ჰოდა, მთელი ეს პოლიტიკური „შპანაც“ დაიძრა“, – აცხადებს მირიან მირიანაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები