„სტარტაპ საქართველოს“ განხორციელებისთვის 11 მილიონი ლარი გამოიყოფა
სახელმწიფო პროგრამის „სტარტაპ საქართველოს“ განხორციელებისთვის 11 მილიონი ლარი გამოიყოფა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტექნოლოგიურ პარკში, ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა ”სტარტაპ საქართველოს” წარდგენისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სამომავლოდ ბიუჯეტის გაზრდა 35 მილიონამდეა დაგეგმილი.
„ის გარემო, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ეს არის ტექნოლოგიური პარკი, რომელიც სულ უახლოეს წარსულში შეიქმნა, იძლევა იმის საშუალებას, რომ გამოვიყენოთ მთლიანად ის ინფრასტრუქტურა, რომელიც აქ არის. აქ არის იურიდიული კომპანიების მომსახურება, აქ გახლავთ ის სამეწარმეო საწყისი ინფრასტრუქტურა, რომელიც ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანებს მისცემს საშუალებას, წამოიწყონ ბიზნესი და, რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს დაუფინანსდებათ ამ პროგრამით მათი ბიზნესიდეები, სახელმწიფო დაეხმარება ასევე ექსპორტში და მათი შესაძლებლობების ქვეყნის გარეთ რეალიზებაშიც.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამ პროგრამისთვის გამოიყოფა საწყის ეტაპზე 11 მილიონი ლარი, ხოლო შემდგომ 35 მილიონ ლარამდე არის გათვალისწინებული პროგრამის ბიუჯეტის გაზრდა“, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, განცხადებების მიღება დღეიდან დაიწყო. პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საპარტნიორო ფონდს, ასევე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოს.
„განცხადებების მიღება უკვე დღეიდან იწყება და შესაძლებელია, მიმართოთ უკვე ოფისს, რომელიც აქ გაიხსნა, სადაც უკვე ადამიანები დღეიდან დაიწყებენ განაცხადების მიღებას.
ეს პროგრამა გახლავთ ოთხპუნქტიანი რეფორმების პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი, ეკონომიკური განვითარების ბლოკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება. ამ ბლოკით გათვალისწინებულია ასევე ეკონომიკის შემდგომი ლიბერალიზაცია და მოგეხსენებათ, რომ საკანონდებლო პაკეტი უკვე დაამტკიცა პარლამენტმა. ასევე, რა თქმა უნდა, უმთავრესი ნაწილია, რომ დამწყებ ბიზნესმენებს მიეცეთ საშუალება, მოიპოვონ დაფინანსება იმისათვის, რომ განახორციელონ თავიანთი იდეები“, – განაცხადა პრემიერმა.