„მოქალაქე თავს დაცულად უნდა გრძნობდეს როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნებზე და მის შემდეგაც“

უნდა დასრულდეს ადამიანებზე ნადირობა და ეს პასუხისმგებლობა ჩვენს ხელისუფლებას აქვს დაკისრებული, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ კორცხელში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.
„კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას, მან ხაზი გაუსვა, რომ მსგავს ინციდენტებზე რეაგირება სამართალდამცავი ორგანოების ვალდებულებაა და ეს არ უნდა აღიქმებოდეს როგორც რაიმე ტიპის შეზღუდვა. აღსანიშნავია, რომ კობახიძე ამ კუთხით კანონის გამკაცრებასაც მიესალმება.
„მე მხარს დავუჭერ ყველა იმ რეგულაციას, რომელიც კორცხელის მსგავსი ინციდენტების პრევენციას ემსახურება. თუ საარჩევნო უბანზე კანონდარღვევა ხდება, ეს იქნება ცემა, ძალადობა ან ხულიგნობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, თუ სისხლის სამართლებრივი, პოლიციას უნდა ჰქონდეს სწრაფი მოქმედების საშუალება. არ აქვს მნიშვნელობა, თუ სად ჩაიდენ დანაშაულს, დახურულ სივრცეში, საარჩევნო უბანზე თუ გარეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს დანაშაულს ან სამართალდარღვევას, პოლიციამ უნდა იმოქმედოს. სხვა შემთხვევაში ასეთი ტიპის ინციდენტებს თავიდან ვერ ავიცილებთ. უნდა დავიცვათ ხელისუფლების მხარდამჭერიც, ოპოზიციონერიც, ადამიანი, რომელიც არც ერთის მომხრე არ არის და ზოგადად, ნებისმიერი ჩვენი მოქალაქე თავს დაცულად უნდა გრძნობდეს, როგორც არჩევნების დღემდე, ასევე არჩევნებზე და მის შემდეგაც. ამისთვის ხელისუფლებამ ყველა ზომას უნდა მიმართოს და ეს არ უნდა იყოს აღქმული რაღაც ტიპის შეზღუდვად. პირიქით, ეს კეთდება იმისთვის, რომ ადამიანებს მათი ნების გამოხატვის თავისუფლება ჰქონდეთ“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები