ირმა ინაშვილი: მანუჩარ მაჩაიძის საუბარი “მერაბიშვილის მეგობრებზე” სამარცხვინოა

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილის ინფორმაციით, საკრებულოს წევრმა მანუჩარ მაჩაიძემ პარტიის რიგები იმის გამო დატოვა, რომ საპარლამენტო სიის ხუთეულში ვერ მოხვდა. ინაშვილი მანუჩარ მაჩაიძის განცხადებას უზნეოს უწოდებს.
„ჩვენ ჩავთვალეთ, რომ საპარლამენტო სიაში, არც მეხუთე ნომერი უნდა ყოფილიყო და საერთოდაც ამ არჩევნებში არ უნდა მიეღო მონაწილეობა. მანუჩარ მაჩაიძე გაბრაზდა და პარტია დატოვა. მისი საუბარი “მერაბიშვილის მეგობრებზე”, უბრალოდ, სამარცხვინო და აბსურდია. ამასთან, ჯერ ჩვენი პარტიის საარჩევნო სია არ არსებობს. არც ათეულია განსაზღვრული და არც ხუთეული”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მისივე თქმით, „რუსთავი 2“-ის ტელეწამყვანის დიანა ჯოჯუას მეუღლე ნიკა რამიშვილი პარტიის სიაში არ არის.
„ძალიან ცუდია, როცა კაცი გუნდიდან მიდის და შურისძიების მიზნით, აბსურდულ განცხადებას ავრცელებს. ცხოვრება 8 ოქტომბრის არჩევნებით არც იწყება და არც მთავრდება”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
თბილისის საკრებულოს დეპუტატმა მანუჩარ მაჩაიძემ „პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა და აღნიშნა, რომ პარტიაში უთანხმოება საარჩევნო სიებთან დაკავშირებით ჰქონდა. კერძოდ, საქმე ეხება „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიაში ნიკოლოზ რამიშვილს ჩასმას.
მანუჩარ მაჩაიძე თბილისის საკრებულოში მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები