ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარე პასუხისგებაში მისცეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იასონ ჭუმბურიძე პასუხისგებაში მისცეს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2011 წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,მანგს“ შორის, ჭიათურაში მდებარე კლდის ქვათაცვენის სალიკვიდაციო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო შესყიდვის რამდენიმე ხელშეკრულება გაფორმდა. ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ იასონ ჭუმბურიძემ გულგრილად და არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობები, რაც გამოიხატა იმაში, რომ არ შეამოწმა შესრულებული სამუშაოების ნამდვილობა და ხარისხი, რითაც ხელი შეუწყო უჩა ღვინჯილიას მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და 423 465 ლარის მიითვისებას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე მიმდინარეობს.