ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფუნქციების გაფართოებას გეგმავს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფუნქციები შესაძლოა, გაფართოვდეს. კობა გვენეტაძის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულ ბანკს უკვე შემუშავებული აქვს კანონპროექტი.
როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში“ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, მოხდება თუ არა ცვლილებების მიღება პარლამენტის მიერ.
„ეროვნულ ბანკს შემუშავებული აქვს პაკეტი, სადაც გარკვეულწილად დევს ფუნქციების გაფართოება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან დაკავშირებით და ამ ჭრილში გაუმჯობესდება მათი რეგულაცია. ეს დამოკიდებულია იმაზე, მოხდება თუ არა ამ ცვლილებების მიღება პარლამენტის მიერ“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკი მუშაობს ონლაინსესხების საკითხთან დაკავშირებით და სწავლობს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას ამ მიმართულებით.
„ნაბიჯები გადაიდგმება მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით. გვინდა, თამაშის წესები იყოს აბსოლუტურად ნათელი. იყოს რაც შეიძლება ნაკლები მოულოდნელობები ისე, რომ თან პროდუქტი შენარჩუნდეს“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, სხვადასხვა ქვეყანაში არის განსახვავებული მოდელი, როცა აღნიშნული საკითხის რეგულირებას ზოგ ქვეყანში ახორციელებს ეროვნული ბანკი, ზოგგან კი – მთავრობა.
„ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანია, რომ საუკეთესო პრაქტიკა შევიმუშავოთ, რომელიც მორგებულია საქართველოზე და ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.