“ტურიზმის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებებს სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთობლივად დაგეგმავენ”

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს განცხადება გააკეთა სამთავრობო პროგრამა Check in Georgia-ის მიმდინარეობის შესახებ. მისი განცხადებით, მიმდინარე წელს წელს, Check in Georgia-ს პროექტში, კერძო სექტორისგან უპრეცედენტოდ დიდი თანამონაწილეობა იყო.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნება საბჭო, რომელშიც როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები იქნებიან, რათა გადაწყვეტილებების მიღება ყველას თანხმობითა და ჩართულობით მოხდეს.
”ყოველთვის ყველაზე დიდ ეფექტსა და პროდუქტიულობას თქვენ აღწევთ მაშინ, როდესაც ყველა დაინტერესებული პირი გყავთ ჩართული გადაწყვეტილების მიღებაში. სწორედ ეს არის პრემიერის ინიციტივა, რომ შეიქმნას ისეთი საბჭო, სადაც იქნებიან როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისი თქმით, ეს საჭიროა იმისთვის, რომ ვადების, კალენდრის, ჩამოსაყვანი არტისტებისა თუ სხვა შოუების შერჩევა-დაგეგმვა ყველას თანხმობითა და თანამონაწილეობით მოხდეს.
”წელს ჩვენ უპრეცედენტოდ დიდი თანამონაწილეობა გვქონდა კერძო სექტორისგან. თითქმის 7 მილიონი შემოწირულობები მივიღეთ Check in Georgia-ს მხარდასაჭერად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ვაწარმოებთ კიდევ მოლაპარაკებებს. შესაბამისად, ეს ყველაფერი შემდეგ წელს გვინდა საჯარო და კერძო პარტნიორობის ფორმით იყოს იმისთვის, რომ ეფექტურობა იყოს მაღალი”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა ბათუმში მოულოდნელად გაძვირებულ ტურისტულ მომსახურებასა და სხვა ხარვეზებზე, რომლებიც წარმოიშვა Check in Georgia-ს აქტივობების მსვლელობის დღეებში. დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, თუ კერძო სექტორი ძალიან მაღალ ფასებს დაადებს ისეთ პროდუქციას, როგორიცაა, მაგალითად, წყალი, ამ შემთხვევაში ტურისტები მხოლოდ ერთხელ ჩამოვლენ.
დიმიტრი ქუმსიშვილმა კერძო სექტორს მოუწოდა, დიდი ყურადღება მიაქციონ თავიანთ მარაგებს, საფასო პოლიტიკას სეზონის განმავლობაში და სწორად გათვალონ ის ადამიანური რესურსი, რომელიც სჭირდებათ.
„აჭარაში როდესაც ვაკვირდებოდი, გული დამწყდა, რომ ადამიანები კაფეებში შემოდიოდნენ და გადიოდნენ უკან, მომსახურების გარეშე, ეს ხდებოდა იმიტომ, რომ მომსახურე ობიექტებს არ ჰყავდათ შესაბამისი სამუშაო ხელი, რათა სწრაფად მომსახურებოდნენ ტურისტებს. ამან, რა თქმა უნდა, დააზიანა როგორც თავად კერძო სექტორი, რადგან ნაკლები შემოსავლები შემოუვიდათ, ასევე მთელი ქვეყნის ეკონომიკა“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები