დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა, მათ ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა გააცნო და მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა  საქართველოს ბიზნესასოციაციას  შეხვედრის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ კერძო სექტორთან ქვეყანაში არსებული ვითარების განხილვა უაღრესად მნიშვნელოვანია.
„კერძო სექტორთან შეხვედრა და მათთან ქვეყანაში არსებული მდგომარეობის განხილვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ გავაცანი 2015 წლის შემაჯამაბელი მონაცემები, ასევე ვისაუბრეთ 2016 წლის პირველი კვარტლის შედეგებზე. მოგეხსენებათ, 2016 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობამ  376 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია” – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობაზე და იმ შიდა და საგარეო ფაქტორებზე, რომლებიც მასზე  გავლენას ახდენენ. მისი განცხადებით, რეგიონში არსებული კრიზისული ვითარების მიუხედავად, საქართველომ შეძლო ეჩვენებინა საპროგნოზოზე მეტი ეკონომიკური ზრდის ტემპი და ამ მაჩვენებლით რეგიონში ლიდერის პოზიცია დაიკავა. პირველმა ვიცე-პრემიერმა ბიზნეს-ასოციაციის წევრებს გააცნო ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც არსებობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირების და უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის მატების მიმართულებით.
დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ეკონომიკაში როგორ კარგადაც არ უნდა მიდიოდეს მდგომარეობა, კერძო ბიზნესს ყოველთვის მეტი უნდა და საქართველოს მთავრობა ამას მიესალმება.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო ბიზნესისთვის საინტერესო საკითხების მთელი სპექტრი. მათ შორის, საუბარი წარიმართა დავებისა და კონტრაქტების აღსრულების სწრაფი მექანიზმის შემუშავებაზე.  პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ამ საკითხზე მალე საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს.
„ერთადერთი, რაც შემიძლია დღეს მოგახსენოთ, არის ის, რომ ჩემი პირადი ხელმოწერით, ეკონომიკურმაბლოკმა მიმართა სასამართლო ხელისუფლებას, სადაც მათ შესთავაზა ღია და გამჭვირვალე პლატფორმისშექმნა. ამ საკითხზე ცოტა ხანში მათი მხრიდანაც გვექნება პასუხი. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ”, -განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ბიუროკრატიას და სწრაფად მისაღებ გადაწყვეტილებებს, რომელიც, ვიცე-პრემიერის თქმით,  პრინციპულად მნიშვნელოვანია. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია, რომ გადაწყვეტილებები სწრაფად იყოს მიღებული, რათა ბიზნესმა თავი უფრო კომფორტულად იგრძნოს.
დასასრულს, გადაწყდა, რომ მსგავსი შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენელთა მონაწილეობით რეგულარულად გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები