თბილისს დღეს სოფი ლორენი ეწვევა

თბილისს დღეს სოფი ლორენი ეწვევა. ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდ ”ნატვრის ხის” ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში სოფი ლორენი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდება.
”სოფი ლორენი 13 ივნისს თბილისს გვიან ღამით ეწვევა. მსახიობი საქართველოში ნინო სურგულაძის მოწვევით, საპატიო სტუმრის სტატუსით ჩამოვა. სოფი ლორენი, თბილისში ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს შეხვდება, ასევე, შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდი ”ნატვრის ხე”, როგორც ცნობილია, 15 ივნისს მსოფლიო პრემიერას გამართავს. მას დაახლოებით, 200-მდე უცხოელი ჟურნალისტი დაესწრება. ჟურნალისტები ჩამოდიან ლონდონიდან, იტალიიდან, კიევიდან, რუსეთიდან, ასევე ჩამოდიან ფოტოპაპარაცებიც”, – აღნიშნავენ ფონდ ”ნატვრის ხეში”.
იტალიის ელჩის, ანტონიო ენრიკო ბარტოლის განცხადებით, მისთვის საქართველოში იტალიელი კონოვარსკვლავის მიღება დიდი პატივია.
”იტალიის ელჩისთვის დიდი პატივია, შეძლოს საქართველოში მიიღოს სოფი ლორენი, რომელიც სილამაზის სიმბოლოა. 15 ივნისის სპექტაკლი იქნება ერთიანობა კინემატოგრაფის, ბალეტის, ოპერის და ასევე, სიყვარულის. ძალიან მოხარული ვარ, რომ სოფიმ თავისი თავი ისეთ კეთილშობილ საქმეს მიუძღვნა, როგორიც არის ბავშვებისთვის დახმარება”, – განაცხადა იტალიის ელჩმა ფონდ ”ნატვრის ხის” მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გრანდიოზულ ღონისძიებას წარმოადგენს. 15, 17 და 18 ივნისს ახალი სპექტაკლის პრემიერა შედგება, რომელსაც მთლიანად იტალიური სადადგმო ჯგუფი განახორციელებს ნინო სურგულაძის, ნინო ანანიაშვილისა და თბილისის ოპერის საბალეტო დასის მონაწილეობით.
15 ივნისის პრემიერას იტალიელი კინოვარსკვლავი სოფი ლორენი დაესწრება, სპექტაკლს კი მისი ვაჟი, კარლო პონტი უმცროსი უდირიჟორებს. 15 ივნისის საქველმოქმედო საღამოდან შემოსულ თანხას ფონდი „ნატვრის ხე“ ბავშვების სიცოცხლის გადარჩენას მოახმარს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები