ათასწლეულის გამოწვევის ფონდს, სან-დიეგოს უნივერსიტეტსა და ენერგეტიკის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდება

ათასწლეულის გამოწვევის ფონდს, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ენერგეტიკის სამინისტროს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდება – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ ენერგეტიკის სამინისტროდან მიაწოდეს.
ხელშეკრულების გაფორმების ცერემონია თბილისში, სასტუმრო „რედისონში“ დღეს 14.00 საათზე გაიმართება.
ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი საქართველოში კენ უოლში ხელს მოაწერენ.
ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ხელმომწერია ასევე ენერგეტიკის სფეროში მომუშავე უმსხვილესი ენერგოკომპანიები: სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი”, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”, კომპანია შპს „ენერგოტრანსი”, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია” და კომპანია სს „ენერგო-პრო ჯორჯია”.
მემორანდუმის მიზანია საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მომუშავე უმსხვილეს კომპანიებს, ენერგეტიკის სამინისტროს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის პლატფორმის შექმნა. მემორანდუმი ითვალისწინებს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების და კურსდამთავრებულების თანამშრომლობას და ჩართვას ენერგეტიკის სამინისტროსა და ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე კომპანიების მუშაობაში. ღონისძიების ფარგლებში, ენერგეტიკის მინისტრი შეხვდება სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოში, ასევე დაათვალიერებს დასაქმებისა და სტაჟირების ფორუმს, სადაც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სტაჟირების და მომავალში დასაქმების შეთავაზების მიზნით საქართველოში მოღვაწე უმსხვილესი კომპანიები შეიკრიბებიან.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველო (SDSU-Georgia) პროექტი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით. სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) სტუდენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ASC, WASC) საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ დარგებში, საქართველოში საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებისა და მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადების მიზნით.
კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს. 2016 წელს უნივერსიტეტი საქართველოში სტუდენტებს სთავაზობს შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს: ელექტრული ინჟინერია, კომპიუტერული ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერებები, ქიმია/ბიოქიმია. აღნიშნული პროგრამები სტუდენტებს მოამზადებს საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ დარგებში წარმატებული პროფესიული კარიერისთვის.
სწავლება ხორციელდება ინგლისურ ენაზე.
ლექციებს ატარებენ SDSU-ს ამერიკელი პროფესორები და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, კალიფორნიაში გადამზადებული ქართველი პროფესორები.
საქართველოს სამ პარტნიორ უნივერსიტეტში გარემონტდა და შენდება ახალი ინფრასტრუქტურა, რათა სტუდენტებს წვდომა ჰქონდეთ უახლეს ტექნოლოგიებთან და ლაბორატორიებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები