მიხეილ ჯანელიძე: ევროკავშირის ლიდერები ადასტურებენ, რომ საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა

მიმდინარეობს მსჯელობა და დარწმუნებული ვარ, საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღება – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ გადაცემა „2030“-ში საუბრისას განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქართული მხარე ევროკავშირის ქვეყნებთან კომუნიკაციას უმაღლეს დონეზე ახორციელებს.
“სულ ახლახანს იყო საქართველოს პრემიერის ვიზიტი საფრანგეთში და შეხვედრა პრეზიდენტ ოლანდთან; დღეს კი, გერმანიის კანცლერთან სატელეფონო კომუნიკაცია გაიმართა და იგეგმება პრემიერის ვიზიტი გერმანიაში. მუდმივ კონტაქტზე ვარ ჩვენს კოლეგებთან. დღეს შეხვედრა მქონდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელთან. ვაგრძელებთ კომუნიკაციას დედაქალაქებთან“,- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ და აღნიშნა,რომ საქართველოს საელჩოები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ, რათა პოზიტიური გადაწყვეტილება მაქსიმალურად დროულად იქნას მიღებული. მისი თქმით, მიგრაცია ძალიან სერიოზული პრობლემაა, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს.
“ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტორი, რომ დღეს მიგრაცია ძალიან სერიოზული პრობლემაა, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს. საუბარია სხვა რისკებიდან თავის დაზღვევაზე, რაც ევროკავშირში პოლიტიკურ და სხვა სახის პრობლემას ქმნის“,-აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ჯანელიძის განცხადებით, გერმანიაში არსებული ქართული კრიმინალური დაჯგუფების საკითხი საქართველოს ვიზალიბერალიზაციისთვის შემაფერხებელი არ იქნება.
“იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო და საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილიყო, ჩვენ და შსს-მ შესაბამის სახელმწიფოებში ვიზიტები განვახორციელეთ. ჩამოყალიბდა კარგი თანამშრომლობა, რაც აჩენს საფუძველს, რომ ეს პრობლემა ორმხრივ დღის წესრიგში არ არსებობდეს. დარწმუნებული ვარ, ეს ფაქტორი საქართველოსთვის შემაფერხებელი არ იქნება”, – განაცხადა ჯანელიძემ.
მისი თქმით, საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა და საქართველოსთან მიმართებაში დღეს არანაირი კითხვები არ არსებობს.
“ევროკავშირის ლიდერები ადასტურებენ, რომ საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა და გადაწყვეტილება უკვე ევროკავშირის მხარესაა. არცერთი გადაწყვეტილება არანაირად არ უკავშირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ყოველგვარი მცდელობა, რომ ეს საქართველოს მთავრობას დაბრალდეს, არის მიზანმიმართული ქმედება პროცესის დასაზიანებლად და მოვუწოდებ ყველას, ასეთი განცხადებებისგან თავი შეიკავონ”, – აღნიშნა ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები