ზვიად შალამბერიძე ევროპარლამენტარებზე: სანამ ჩვენს ქვეყანას არ აღიქვამენ, როგორც ღირსეულ პარტნიორს, მანამდე ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და თითის ქნევას გაანებოს თავი ამა თუ იმ ბიუროკრატმა
,,სანამ ჩვენს ქვეყანას არ აღიქვამენ, როგორც ღირსეულ პარტნიორს, მანამდე ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას სწორედ იმისკენ, რომ აღიქვან, როგორც ღირსეული პარტნიორი და თითის ქნევას გაანებონ თავი ამა თუ იმ ბიუროკრატმა, – ასე გამოეხმაურა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე, საქართველოსთან მიმართებით ზოგიერთი ევროპარლამენტარის კრიტიკას.
ის ევროპარლამენტარებს ურჩევს იქამდე, სანამ საქართველოსთან დაკავშირებით რაიმეს იტყვიან, ჯერ საკუთარ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობას გადახედონ.
„სანამ საქართველოს მთავრობა, რომელიც აღიარა ეუთო/ოდირმა არ იქნება მიჩნეული მათ მიერ [ევროპარლამენტარები] ლეგიტიმურ ხელისუფლებად, ჩვენ რა თქმა უნდა მათ მიმართ შემხვედრ ნაბიჯებს არ გადავდგამთ. ეს არაერთხელ გაჟღერებულა ჩვენი მხრიდან და დღეს, რომ გამოდიან და ამბობენ, რომ თითქოს მზია ამაღლობელი ზის იმიტომ, რომ რაღაც ინფორმაცია გაავრცელა არჩევნებთან დაკავშირებით, რაღაც კომერციული სქემების და ა.შ. ეს არის სირცხვილი. იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან კარგი მაგალითები გვაქვს სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის გერმანიაში თუ რამდენი თვით და რამდენი წლით ჰყავთ დაპატიმრებული ჟურნალისტები, რომლებსაც შეიძლება მხოლოდ ერთი „ფეისბუქ პოსტი“ ჰქონდათ დაწერილი. არ მახსოვს გვარი, რომელიც შვიდი თვით ჩასვეს ჟურნალისტი. კიდევ არის სხვადასხვა მაგალითები და თავისთან მოიკითხონ ეს სიტუაციები და ეს მაგალითები და მერე ილაპარაკონ საქართველოზე“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.