ყაზახეთ-საქართველოს ბიზნესფორუმის ფარგლებში თბილისს ყაზახი ბიზნესმენები ეწვევიან

Forbes Georgia-სა და Forbes Kazakhstan-ის ორგანიზებით, ხვალ ყაზახეთ-საქართველოს ბიზნესფორუმის ფარგლებში თბილისს უმდიდრესი ყაზახი ბიზნესმენები ეწვევიან.
ღონისძიების ორგანიზატორების ცნობით, მათ შორის არიან RESMI Group-ის, RG Brands-ის, Kaspi Bank-ის, BI Group-ის, TS Engineering-ისა და სხვა მსხვილი ყაზახური კომპანიების მფლობელები, რომლებიც წლების განმავლობაში ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ყაზახი ბიზნესმენების რეიტინგების უცვლელი მილიონერები არიან.
„მარტივად რომ ვთქვათ, იმ ბიზნესმენების ქონება, რომლებიც ივნისის დასაწყისში თავს თბილისში მოიყრიან, ჯამურად, სავარაუდოდ, რამდენიმე მილიარდ დოლარს დაითვლის.
ბიზნესფორუმის გამართვის იდეა Forbes Georgia-ს აქციონერსა და Forbes Kazakhstan-ის გამომცემელსა და აქციონერს, არმანჟან ბაიტასოვს ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში გაუჩნდა, როდესაც თბილისში ქართული Forbes-ის აქციების შესყიდვის შესახებ ოფიციალური განცხადების გასაკეთებლად ჩამოვიდა. ამჯერად ის თავადვე იქნება ფორუმის ერთ-ერთი მოდერატორი, რამდენადაც „ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის” რეიტინგში საპატიო 28-ე ადგილს იკავებს, ხოლო 47 ადგილს – „ყაზახეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების” რეიტინგში. ჩვენ მიერ ინიციირებული ფორუმის მიზანი კი საქართველოს პოზიტიური საინვესტიციო იმიჯის შექმნა გახლავთ, რაც ხელს შეუწყობს კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებში ყაზახური ინვესტიციების მოზიდვას. ფორუმზე საინვესტიციო პროექტები წარდგენილი იქნება სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, უძრავი ქონების, ლოგისტიკის, რიტეილისა და ეკონომიკის სხვა დარგებიდან. ყაზახური 40-კაციანი დელეგაციიდან გამოსაყოფი არიან აბლაი მურზახმეტოვი – ყაზახეთის ეროვნული სავაჭრო პალატის საბჭოს თავმჯდომარე, იერკინ ტატიშევი – Kusto Group-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ისლამბეკ სალჟანოვი – Altyn Kyran Group-ის დირექტორი, რაიმბეკ ბატალოვი – Raimbek Group-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, კაირატ მაჟიმბაევი – RG Brands-ის თავმჯდომარე“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
FORBES-ის საინვესიციო ფორუმი იმართება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის თანაორგანიზატორობით. Forbes-ი მადლიერია ამ უწყებების გუნდის, რადგან საერთაშორისო დონის ფორუმების გამართვების მათი გამოცდილება სერიოზულად წაადგა ფორუმის მომზადების პროცესს.
გარდა აღნიშნული უწყებებისა, ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები სრული შემადგენლობით, რომელთაც ყველა ფორმატში ექნებათ საშუალება, დეტალებში გააცნონ ყაზახ ინვესტორებს საქმიანი შესაძლებლობები და პერსპექტიული საინვესტიო პროექტები. ბუნებრივია, ეს ყველაფერი კეთდება ქართული ეკონომიკისა და ბიზნესისთვის, რომელთა წარმომადგენლები მრავლად იქნებიან წარმოდგენილნი Forbes-ის ფორუმზე.
საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლების გარდა, შეხვედრას დაესწრებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ფორუმს 6 ივნისს, 11.00 საათზე, სასტუმრო “რესიდისონ ბლუ ივერიაში”, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი გახსნის.
ფორუმს მოდერაციას ასევე გაუწევს გიორგი ისაკაძე – Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი და მმართველი პარტნიორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები