საქართველოს ოთხ ქალაქში ვაინახური კულტურის ფესტივალი გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, პანკისის ხეობის ქალთა სათემო ორგანიზაცია და ანსამბლი „პანკისი“ საქართველოს ოთხ ქალაქში ვაინახური კულტურის ფესტივალს გამართავს.
ღონისძიება 2 ივნისს, დუშეთის კულტურის სახლში გაიხსნა, დღეს კი ქალაქ ახალციხეში, რაბათის ციხეზე გაგრძელდება; 4 ივნისს ქუთაისში – ოპერის თეატრში; ფესტივალი 5 ივნისს ბათუმში – საზაფხულო თეატრში დასრულდება.
”ფესტივალის მიზანია ვაინახური კულტურის პოპულარიზაცია, პანკისის ხეობის და იქ მცხოვრები ეთნიკური ქისტების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების შემცირების ხელშეწყობა. ამასთან, ბოლო პერიოდში პანკისის ხეობაში საფრთხე შეექმნა კულტურის წარმოჩენას. მუსლიმი თემის ერთი ნაწილისთვის, რელიგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე მიუღებელი გახდა მუსიკა, ცეკვა, რის გამოც ბევრმა ახალგაზრდამ, ვისაც ხეობის, თემის, კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენა შეეძლო, უარი თქვა საქმიანობის გაგრძელებაზე. ისინი კი, ვინც ამ დრომდე მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებაში, მხარდაჭერის გარეშე არიან დარჩენილები. ვაინახური კულტურის ფესტივალი საქართველოს რეგიონებში სამოქალაქო აქტივობების ცენტრის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების და რეგიონული მედიის ხელშეწყობით ტარდება”, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები