ლევან კალანდაძე: ლართან დაკავშირებით ტრენდი საკმაოდ პოზიტიური და იმედისმომცემია

ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე აცხადებს, რომ ის რისკ-ფაქტორები, რაც განაპირობებდა ლართან დაკავშირებულ უაყოფით ტენდენციებს, მინიმუმამდე არის დაყვანილი.
“ლართან დაკავშირებით ტრენდი არის საკმაოდ პოზიტიური და იმედისმომცემი. ქვეყანაში მაქსიმალურად გამოსწორდა ეკონომიკური მდგომარეობა. ეროვნული ბანკი იქცევა ადეკვატურად, ძალიან რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკა აქვს და, აქედან გამომდინარე, ერთი მხრივ, ხელს უწყობს ლარზე მოთხოვნის გაზრდას, მეორე მხრივ, ეროვნული ბანკის პოლიტიკა მიმართულია დოლარიზაციის ხარისხის შემცირებაზე. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი პრობლემა, რაშიც ვსაყვედურობდით ქადაგიძეს”,- განაცხადა კალანდაძემ.
მისივე თქმით, გასულ წელს საგარეო ფაქტორები მნიშვნელოვნად განაპირობებდა ლარის გაუფასურებას, მაგრამ რამდენად ადეკვატურად იქცეოდა ეროვნული ბანკი, ეს იყო პრობლემა.
წინა ხელისუფლების დროს ეროვნული ბანკის პოლიტიკა არ იყო მიმართული ლარის სტაბილურობის უზრუნველყოფაზე.
“ლარი მეორეხარისხოვან პრობლემად იყო განხილული და ეროვნული ბანკი ხელს არ უწყობდა ქვეყანაში ლარზე მოთხოვნის გაზრდას. ეს მდგომარეობა დღეს შეცვლილია. ახალმა პრეზიდენტმა პრაგმატული პოლიტიკის განხორციელება დაიწყო. შედეგმაც არ დააყოვნა და გარე ფაქტორების დასტაბილურების პარალელურად ამ პოლიტიკამ გამოიღო სწორედ ის შედეგი, რომ ლარი დღეს წარმოადგენს გამყარებად ვალუტას და წლის განავლობაში ეს გამყარება შენარჩუნდება. ზუსტად რა დონეზე დადგება ლარი წლის ბოლომდე, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ფინანსური სტაბილურობის საკმაოდ პოზიტიური ნიშნები შეინიშნება”,- აღნიშნა კალანდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები