“როგორც კი ქადაგიძე ჩამოშორდა ეროვნულ ბანკს, ლარმა დაიწყო მყისიერი, ნახტომისებური გამყარება”

ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ზარქუა ლარის გამყარების ერთ-ერთ მიზეზად გიორგი ქადაგიძის ეროვნული ბანკიდან წასვლას ასახელებს. ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ გიორგი ქადაგიძე, რომელიც იყო “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ეროვნული ვალუტა უფრო მეტად გაუფასურებულიყო, რადგან იცოდა, რომ ეს პირდაპირ დარტყმას მიაყენებდა საზოგადოების ყველა ფენას, უარყოფითი მუხტი კი მიმართული იქნებოდა ხელისუფლებისაკენ.
“როგორც კი ის ჩამოშორდა ეროვნულ ბანკს, ლარმა დაიწყო მყისიერი, ნახტომისებური გამყარება, რაც, ბუნებრივია, მიუთითებდა იმაზე, რომ ეროვნული ვალუტა მანამდე იყო პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ. როგორც კი მოეხსნა ეს გავლენა, სავალუტო ბაზრის სუბიექტებმა ეს იგრძნეს. იგრძნეს უკეთესი პერსპექტივები და გაუმჯობესდა მოლოდინები. ნახტომისებური გამყარების შემდეგ კი სახეზე გვაქვს ეკონომიკის გამოცოცხლება. სადღაც მარტი, აპრილის პერიოდიდან”, – განაცხადა ზარქუამ.
მან დადებითად შეაფასა ეროვნული ბანკის ახალი დირექტორი კობა გვენეტაძის პოლიტიკა, როდესაც მან რეზერვების ნორმები შეცვალა დოლარსა და ლარში.
“ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დოლარიზაციის კოეფიციენტი შეამციროს ქართულ ეკონომიკაში და ამის შედეგები უკვე სახეზე გვაქვს. მარტსა და აპრილში ლარში გაცემული ბიზნესსესხები უფრო მზარდია, ვიდრე ეს იყო წინა წლებში”,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
მისივე თქმით, ვალუტის სწრაფი გაუფასურება და გამაყრება არ არის კარგი, რადგან ის ბიზნესს აზარალებს. თუმცა ლარის გამყარება მოსახლეობისათვის ხელსაყრელია, რადგან მოსახლეობის უმრავლესობას საბანკო ვალდებულებები დოლარში აქვს გამოტანილი და ეროვნული ვალუტის გამყარება მოსახლეობის წისქვილზე ასხამს წყალს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები