არჩილ თალაკვაძე კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებზე: გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო

ბრალი წარედგინა 6 ადამიანს, დანარჩენზე კი იზრუნებს და გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შს მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებისთვის ბრალის წაყენების ფაქტთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, შს სამინისტრომ ინფორმაცია დანაშაულის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით უკვე გაავრცელა.
„ბრალი წარედგინა უკვე 6 ადამიანს. ჩვენ გავავრცელეთ ინფორმაცია მუხლის შესახებ, რომლითაც მოხდა დანაშაულის დაკვალიფიცირება, დანარჩენზე იზრუნებს და გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო“, – განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 22 მაისს შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში, შუალედური არჩევნების დროს მომხდარი ინციდენტის ფაქტზე.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2016 წლის 24 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ნებაყოფლობით გამოცხადდა ინცინდენტში მონაწილე 6 პირი, რომლებიც მოწმის სახით გამოიკითხნენ. გამოძიების მსვლელობისას, ასევე გამოიკითხა ინციდენტის მონაწილე მეორე მხარეც.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, 2016 წლის 1-ელ ივნისს, ინციდენტში მონაწილე 5 პირს: გიორგი გ.-ს, კობა ტ.-ს, გიორგი გ.-ს, ნოშრევან წ.-ს და გრიგოლ ტ.-ს ბრალი წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ვლადიმერ გ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები