სასამართლო ჯარისკაცების მასობრივად მოწამვლის საქმეს იხილავს – პროკურორი საქმის დეტალებზე

ე.წ. კაბელების საქმე კვლავ არ კარგავს აქტუალობას და სხვადასხვა შეფასების საგანს ისევ წარმოადგენს. პოლიტიკოსების და საზოგადოების ნაწილი პოლიტიკურ სარჩულზე საუბრობს, თუმცა პროკურატურა უტყუარ მტკიცებულებებს ეყრდნობა და სხვა ვერსიებს კატეგორიულად უარყოფს. კაბელების საქმე არ არის ერთადერთი საქმე, რომლის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ყურადღების ცენტრში მოექცა. სამინისტრო 3 წლის წინ ასეულობით ჯარისკაცის მოწამვლის სკანდალში  გაეხვია.  ამ ფაქტზე გამოძიება  უკვე დასრულდა და სასამართლოში საქმის არსებითად განხილვა მიმდინარეობს. გამოძიების მსვლელობასა და მის  შედეგებზე  „კვირა“ პროკურორ ჯარჯი წიკლაურს ესაუბრა: 

– თავდაცვის სამინისტრო 2013 წელს მორიგ სკანდალში გაეხვა, როდესაც ადგილი ჰქონდა სამხედრო მოსამსახურეების მასობრივად მოწამვლის ფაქტს. თუ შეიძლება გვითხარით, რა მოხდა?

–  2013 წლის ივნისის დასაწყისიდან ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში  საკვების მიღების შედეგად ადგილი  ჰქონდა სამხედრო მოსამსახურეების მასობრივ მოწამვლას, რის შედეგადაც სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასეთი შემთხვევები სხვადასხვა  ბრიგადაში დაფიქსირდა.
მაგალითად 10 ივნისს მესამე ქვეით ბრიგადაში  113 სამხედრო მოსამსახურე დაავადდა, 11  სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. დაბა ვაზიანის საველე სამხედრო ბაზაზე  დაახლოებით 260 სამხედრო მოსამსახურე დაავადდა, 10 – სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს. მეათე კადრირებულ ბრიგადაში საკვების მიღების შემდეგ  91 სამხედრო მოსამსახურე დაავადდა, 9 სამხედრო მოსამსახურე სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ხოლო 2 – ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში.
სამხედროების მასობრივი მოწამვლა სხვადასხვა დროს საქართველოს მასშტაბით 11 სამხედრო ნაწილში გამოვლინდა და, საერთო ჯამში, რამდენიმე ასეული სამხედრო მოსამსახურე დაავადდა.
ვინაიდან სხვადასხვა დანაყოფში სამხედრო მოსამსახურეთა დაავადებას ჰქონდა მასობრივი ხასიათი და პერმანენტულად გრძელდებოდა, აშკარა იყო, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების მხრიდან ადგილი ჰქონდა გულგრილობის ფაქტს, აქედან გამომდინარე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა თერთმეტივე ფაქტზე დაიწყო გამოძიება.

– ამ საქმეზე გამოძიება ორ წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა,  რატომ გაჭიანურდა გამოძიება?  

– მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების გაჭიანურება, შეიძლება ითქვას, რომ განპირობებული იყო, თავდაპირველად, გამოძიების არაეფექტური მსვლელობით. საწყის ეტაპზე, არ იქნა უზრუნველყოფილი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. სხვადასხვა ობიექტზე  სრულყოფილად არ ჩატარდა ისეთი საპროცესო მოქმედებები, როგორიცაა, სასადილოში სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის შესწავლის მიზნით ექსპერტიზის დანიშვნა. სამხედრო მოსამსახურეებს არ ჩაუტარდათ სათანადო ლაბორატორიული კვლევები, რის გამოც, ვერ დადგინდა კავშირი საკვებსა და სამხედრო მოსამსახურეთა დაავადებას შორის, არ აღებულა ნედლეული და მზა პროდუქტის ნიმუშები. ერთი თვის დაგვიანებით ჩატარდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემოწმება და არ  დაადგინეს სასადილოში ბაქტერიების კონკრეტული ჯგუფის არსებობა, რის გამოც ვერ დადგინდა კავშირი სანიტარიული ნორმების დარღვევასა და უვარგის საკვებს შორის, ასევე, კავშირი უვარგის საკვებსა და სამხედრო მოსამსახურეების დაავადებას შორის.
გარდა აღნიშნულისა, სამხედრო პოლიციამ  სრულყოფილად არ უზრუნველყო სასადილოს პერსონალის, სამედიცინო მუშაკების და დაავადებული სამხედრო მოსამსახურეების დაკითხვა, ამასთან, მათ არ მიენიჭათ  დაზარალებულის სტატუსი.
არაეფექტური გამოძიების შედეგად ვერ გამოიკვეთა თავდაცვის სამინისტროს და შპს „ქართული კვების კომპანიის“ ის პასუხისმგებელი პირები, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ, სამხედრო ნაწილებში დაეცვათ სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და განეხორციელებინათ მათზე კონტროლი, რა შემთხვევაშიც თავიდან იქნებოდა აცილებული შემდგომში სამხედრო მოსამსახურეთა მასობრივი დაავადების ფაქტები.  

– რამდენადაც ცნობილია, სამხედრო მოსამსახურეების მოწამვლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გააგრძელა, ამჯერად რა შედეგებამდე მივიდა გამოძიება? 

– დიახ, 2013 წლის 18 ოქტომბერს, სისხლის სამართლის საქმე შემდგომი გამოძიებისთვის  საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა, რის შემდეგაც დაიწყო ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები  – დაიკითხა 300-ზე მეტი პირი, ჩატარდა  სამედიცინო,  სანიტარიულ-ჰიგიენური და დამატებითი მიკრობიოლოგიური ექსპერტიზები, 271 პირს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი.
საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2013 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ქართული კვების კომპანიას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე, შპს „ქართული კვების კომპანია“ ახორციელებდა სამხედროების კვებით მომსახურებას, სამხედრო ნაწილების ტერიტორიაზე განთავსებული სასადილოების მეშვეობით. შპს „ქართული კვების კომპანიას“ ეკისრებოდა კვებითი მომსახურების გაწევისას საქართველოში მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა. სასადილოს მენეჯერის თანამდებობრივი ინსტრუქციის თანახმად, სასადილოს მენეჯერი ვალდებული იყო, ეკონტროლებინა მის დაქვემდებარებაში მყოფი სასადილოს პერსონალისა და სასადილოს სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების თანახმად, სხვა ფუნქციებთან ერთად, სამედიცინო დეპარტამენტის ფუნქციას წარმოადგენდა სამხედრო ნაწილებში სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ზედამხედველობის განხორციელება. დეპარტამენტის უფროსი პასუხისმგებელი იყო დეპარტამენტის ფუნქციების შესრულებაზე. სამხედრო ნაწილის მთავარი ექიმის ფუნქციონალური მოვალეობების თანახმად, სხვა უფლებამოსილებებთან ერთად მის უფლება-მოვალეობაში შედიოდა ბრიგადაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი.
გამოძიებით დადგინდა, რომ სასადილოებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაუცველობის გამო, რომლის დაცვაზე და ზედამხედველობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი იყო სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, სამხედრო ნაწილის მთავარი ექიმი და სასადილოს მენეჯერი, სამხედრო  ნაწილებში ადგილი ჰქონდა სამხედრო მოსამსახურეების მასობრივ დაავადებას.

რამდენი პირი მიეცა პასუხისგებაში და რა თანამდებობებს იკავებდნენ ისინი?

– მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გათვალისწინებით სამსახურებრივი გულგრილობისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა  6 პირი, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი და სამხედრო ნაწილის მთავარი ექიმები. გულგრილობისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში ასევე მიეცნენ შპს „ქართული კვების კომპანიის“ სასადილოს მენეჯერები.
აქვე გეტყვით, რომ სამხედრო მოსამსახურეთა მასობრივი დაავადების სხვა ფაქტებთან დაკავშირებით, სამხედრო პოლიციის მიერ გადაუდებელი და აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობის გამო, ასევე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების არაეფექტურობის გათვალისწინებით, ვერ გამოიკვეთნენ თავდაცვის სამინისტროს სხვა პასუხისმგებელი პირები, რომელთა შესაძლო სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად, სხვადასხვა დროს, რამდენიმე ასეული სამხედრო მოსამსახურე დაავადდა.

– გამოძიება დასრულდა და ამ ეტაპზე  საქმეს სასამართლო იხილავს, რა მოლოდინი გაქვთ? 

– დიახ, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვა მიმდინარეობს, საქმეში მოპოვებული მტკიცებულებებით, ცალსახად დასტურდება თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა გულგრილობის ფაქტი, რომლის შედეგად ასეულობით საქართველოს სამხედრო მოსამსახურემ მიიღო ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება. მოლოდინი გვაქვს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო სრულად გაიზიარებს ბრალდების პოზიციას და საქმეზე დადგება გამამტყუნებელი განაჩენი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები