როგორ გახდა უსახლკარო კაცი მილიონერი — ცნობილი ფილმის რეალური ისტორია

კრის გარდნერის ისტორია გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი ამბავი ბრძოლისა და გარდასახვის შესახებ. მისი გზა უსახლკარობიდან მილიონერობამდე ნამდვილად წარმოუდგენელი გამძლეობისა და შინაგანი ძალის თვალნათელი დასტურია.

კრის გარდნერი დაიბადა 1954 წელს მილუოკში, ვისკონსინის შტატში. ბიჭს საკმაოდ მძიმე ბავშვობა ჰქონდა — სიღარიბეში იზრდებოდა და მამინაცვალი სისტემატურად ძალადობდა მასზე. მას შემდეგ, რაც სხვადასხვა თავშესაფარი და სახლი გამოიცვალა, საბოლოოდ, საზღვაო ძალებს შეუერთდა, თუმცა ახალი ცხოვრებაც გამოწვევებით იყო სავსე. 1980-იანი წლების დასაწყისში გარდნერი ქუჩაში დარჩა თავის მცირეწლოვან შვილთან, კრისტოფერ უმცროსთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა კოლეჯის განათლება და გარკვეული გამოცდილებაც სამედიცინო აღჭურვილობის გაყიდვაში, გარდნერს სტაბილური სამუშაოსთვის უშედეგო ბრძოლა უწევდა. ის ღამეებს ატარებდა თავშესაფრებსა და მეტროს სადგურებში; ცდილობდა, შეესრულებინა მამის როლი და შვილის მომავლისთვის ებრძოლა.

ყველაფერი შეიცვალა, როდესაც გარდნერი საფონდო საბროკერო ფირმა Dean Witter Reynolds-ში სტაჟირების შესახებ ინფორმაციას წააწყდა. მართალია, გარდნერს არ ჰქონდა გამოცდილება ფინანსებში, მაგრამ ის მზად იყო, გაეკეთებინა ყველაფერი, რაც საჭირო იყო საკუთარი თავის წარმოსაჩენად. ახალგაზრდა მამაკაცის თავდადებამ შედეგი გამოიღო.

უსახლკაროთა თავშესაფარში ცხოვრების მიუხედავად, გარდნერის შრომისმოყვარეობამ და ფინანსებისადმი გატაცებამ განაპირობა ის, რომ მან ფირმაში სრულგანაკვეთიანი სამუშაო მიიღო. თუმცა, ადვილი არც ამ გზაზე სიარული გამოდგა. ის მუდმივად იდგა გამოწვევების წინაშე, მათ შორის, შვილზე ზრუნვასთან დაკავშირებული საკითხებისა და თავისუფალ დროს სალიცენზიო გამოცდებისთვის მომზადების სახით.

საბოლოოდ, გარდნერმა ფინანსურ სამყაროში საკუთარი ნიშა შექმნა. წლების განმავლობაში დაუღალავი მუშაობის შემდეგ, 1987 წელს მან დააარსა საკუთარი საბროკერო ფირმა Gardner Rich & Co. მისი კომპანია ზრდას განაგრძობდა და 2006 წელს გაიყიდა კიდეც 70 მილიონ დოლარად.

დღეს კრის გარდნერი არა მხოლოდ მილიონერი ბიზნესმენია, არამედ ფილანტროპი, წიგნების ავტორი და მოტივაციური სპიკერიც. მისი მემუარები — „ბედნიერების კვლადაკვალ“ — უილ სმიტის მონაწილეობით, წარმატებულ ფილმადაც იქცა.

კრის გარდნერის მიერ განვლილი გზა ყველას გვახსენებს, რომ რაც არ უნდა რთული იყოს გარემოებები, ჩვენ შეგვიძლია,


დავძლიოთ ისინი. ეს არის ისტორია იმედზე, რომელიც გვაჩვენებს, რომ შრომისმოყვარეობითა და შეუპოვრობით, ყველაზე მძიმე სიტუაციიდანაც არსებობს გამოსავალი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები